17 ნოემბერი 2024,   18:17
ვრცლად
"სოციალური ქსელები აქტიურად გამოიყენებოდა აგიტაციისთვის" - მესამე სექტორი საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე მსჯელობს

მესამე სექტორი საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე მსჯელობს. არასამთავრობო ორგანიზაციები, ცვლილებების პაკეტის პრეზენტაციის შემდეგ, საკანონმდებლო ორგანოს მიმართავენ და იმ წინადადებას წარადგენენ, რომლის მიღებაც მომდევნო არჩევნებამდე უნდა მოესწროს.

საია-ს თავმჯდომარის ინფორმაციით, ცვლილებები უნდა შეეხოს აგიტაციის შეზღუდვის ფორმებს მათ შორის ეს არის სოციალურ ქსელი.

„საუბარია აგიტაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე. და ჩვენ ვნახეთ, რომ სოციალური ქსელები აქტიურად გამოიყენებოდა ბოლო არჩევნების მაგალითებზე აგიტაციისთვის. ამიტომ აქაც გარკვეული ტიპის რეგულაციებზეა საუბარი,“- განაცხადა სულხან სალაძემ.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც მესამე სექტორის ცვლილებების პაკეტში შევა პარტიების დაფინანსებას ეხება.

„ერთის მხრივ გაუქმდეს ფრაქციებზე მიბმული დაფინანსება, რომელიც ვნახეთ, რომ არაერთხელ იქნა გამოყენებული მანიპულაციის სახით იმისთვის, რომ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას მიეღო უფრო მეტი დაფინანსება. ეს ნაწილი უნდა იყოს იმ ფორმულიდან ამოღებული,“- განაცხადა ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ.

მესამე სექტორი ე.წ. ხელოვნურ საარჩევნო ბლოკებსა და მათ დაფინანსებაზეც საუბრობს.

„ჩვენი შემოთავაზებით ერთი საარჩევნო ბლოკი იქნება ერთი სუბიექტი დაფინანსების მიმღები. და გაქრება ის მოტივაცია, რაც ჰქონდათ ხოლმე პარტიებს, რომ შეექმნათ რაღაც სატელიტების  მეშვეობით ხელოვნური საარჩევნო ბლოკები,“-განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროგრამის მენეჯერმა ლევან ნატროშვილმა.

დღის ამბები