"გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემები არის ძალიან სავალალო და დრამატულ ცვლილებებს მოითხოვს," - ამის შესახებ ევროპული საქართველოს წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა, გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებთან დაკავშირებით განაცხადა.
“ძალიან შემაშფოთებელი მონაცემებია, რაც გაეროს ბავშვთა ფონდმა დღეს წარმოადგინა. ქვეყანაში სიღარიბე უკიდურესად გაზრდილია, უკლებლივ ყველა ჯგუფში. მონაცემები არის ძალიან სავალალო და მოითხოვს ცვლილებებს. მე არ ველოდები დღევანდელი ხელისუფლებისგან, რომ რაიმე სასიკეთო შეიძლება მივიღოთ. დრამატული ცვლილებები მოხდება ჩვენს ეკონომიკურ განვითარებაში, უმუშევრობის დაძლევაში და ფასების დასტაბილურებაში, მათ შორის სიღარიბის დაძლევაში მას შემდეგ, რაც ქართულ ოცნებას საქართველოს მოსახლეობა არჩევნებზე გადაირჩევს,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
გაეროს ბავშვთა ფონდმა საქართველოში მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობის შესახებ კვლევა წარადგინა. კვლევით ირკვევა, რომ სიღარიბის მაჩვენებელი ქვეყანაში 2015 წელთან შედარებით საგრძნობლად გაზრდილია. 2017 წელს მოსახლეობის 5% უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა, 2015 წელს კი ეს მონაცემები 2.1%-ს შეადგენდა.
კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ 2017 წელს ბავშვების 6.8% საქართველოში უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა, ხოლო 2015 წელს ბავშვების 2.5% ცხოვრობდა სიღარიბეში.
UNICEF-ის კვლევის შედეგების პრეზენტაციას დეპუტატები ესწრებოდნენ.