ევროპარლამენტი საქართველოს მხარდამჭერი 20-პუნქტიანი რეზოლუციის განსახილველად ემზადება, რომელსაც კენჭს დღესვე უყრის.
ევროპარლამენტარებს, რომლებიც რეზოლუციაზე მუშაობენ ორი გზავნილი აქვთ - პირველი, საქართველო ევროპის ნაწილი და ევროკავშირის უნმიშვნელოვანესი პარტნიორია. მეორე გზავნილი კი რუსეთის ფედერაცითვისაა, რომელმაც ევროპარლამენტარების თქმით, უნდა შეასრულოს ყველა საერთაშორისო ვალდებულება.
დეპუტატები აღნიშნავენ, რომ ევროპამ ვერ გააცნობიერა 2008 წლის ომი, რის შემდეგაც მოხდა ომი უკრაინაში.
ევროპარლამენტის წევრი რებეკა ჰარმსი განმარტავს, რომ ტერმინი „გაყინული კონფლიქტი“ აქტუალური აღარ არის, რადგან მთელმა მსოფლიომ იცის, რომ რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები.
„არსებობს საშინელი ტერმინი ე.წ "გაყინული კონფლიქტები," ყველამ უნდა იცოდეს, რომ სიტყვა გაყინულის გამოყენება არასწორია ამ კონტექსტში. ოკუპაცია რუსეთის ხელში ვითარების დესტაბილიზაციის მთავარი ინსტრუმენტია, ერთი სცენარის ნაწილია ომი დონბაში, ყირიმის ანექსია, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია და დნესტრისპირეთიც, ამიტომ ევროპარლამენტი უფრო სერიოზულად უნდა მიუდგეს ამ საკითხს, რაც შეეხება რეზოლუციას, ეს აჩვენებს ევროპარლამენტის ძლიერ პოზიციას, რომ ჩვენთვის საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ამ ქვეყნის, არამედ ევროპის მშვიდობიან და დემოკრატიულ განვითარებას. ევროპარლამენტის უმრავლესობა ერთიანია იმაშიც, რომ რუსეთთან დათმობაში არ უნდა წავიდეს, როდესაც საქმე ეხება საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას,“- აღნიშნა რებეკა ჰარმსმა.
ევროპარლამენტის კიდევ ერთი წევრის პეტრას აუსტრევიჩუსის შეფასებით, პოლიტიკოსების მხრიდან ისტორიის სწორ პოლიტიკურ შეფასებას დიდი მნიშვნელობა აქვს იმისათვის, რომ არასწორი ქმედებები სხვადასხვა სახელმწიფოების მიმართ, არ განმეორდეს.
„პირადად მე მხარს ვუჭერ საქართველოს დასავლურ ინსტიტუტებში გაწევრიანების მისწრაფებას, მაგრამ ჩემთვის იგივე არ არის რა ფორმით სურს საქართველოს ამის გაკეთება, პოლიტიკური კრიტერიუმების დაკმაყოფილება აუცილებელია. არსებობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის საქმეზე ეს თემა გუშინდელ ჩემს გამოსვლაში ვახსენე, რადგან მინდოდა შემეხსენებინა მოქმედი ქართველი პოლიტიკოსებისთვის რა უნდა გაკეთდეს, თვალს ასეთ საკითხებზე არ დავხუჭავთ, დასავლეთთან მიერთება თუ გსურთ სხვანაირი უნდა გახდეთ“- აცხადებს აუსტრევიჩუსი.
ევროპარლამენტის კიდევე რთი წევრი გუნარ ჰოკმარკი კი აღნიშნავს, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესება აუცილებელია.
დღესვე ევროპარლამენტთან შეიკრიბნენ სტრასბურგში მცხოვრები ქართველები, რომლებიც მხარს უჭერენ ევროპარლამენტის დეპუტატების გადაწყვეტილებებს, მიიღონ რეზოლუცია ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით.