თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე დღეს, შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში მივა. სარალიძეს აინტერესებს რა ეტაპზეა გამოძიება და რა სამართლებრივი ღონისძიებები გაატარა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ საქალაქო სასამართლოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.
სარალიძის მტკიცებით, პოლიციის თანამშრომლებმა ზვიად კუპრავას და კიდევ ერთ პირს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
ზაზა სარალიძე პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზე საუბრობს. მას მიაჩნია, რომ სასადილოს ინციდენტში მონაწილე პოლიციელთა პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.
„ძალის გამოყენებით მოხდა ზვიად კუპრავას აყვანა სასამართლო დარბაზში. კადრებში ასევე ნაჩვენები იყო თუ რა მდგომარეობა იყო სასამართლოს სასადილო დარბაზში. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ რეალურად გატარდა ის ღონისძიებები, რაც საჭიროა ამ შემთხვევაში და მივიღებთ იმ შედეგს, როდესაც მთელი ჯგუფი იქნება დასჯილი,“-განაცხადა ზაზა სარალიძის ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ.