17 ნოემბერი 2024,   18:18
ვრცლად
სტიქია თბილისში - ძლიერი წვიმის გამო დაიტბორა სახლები, გიორგიწმინდას დასახლებაში კი მთა ჩამოიშალა

სტიქია თბილისში - ძლიერი წვიმის გამო, დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და სავაჭრო ობიექტები. ყველაზე მძიმე ვითარება კი გიორგიწმინდას დასახლებაში იყო, სადაც მდინარის ადიდების გამო, მთა ჩამოიშალა, რის გამოც გზა გადაიკეტა.

ამ დროისთვის გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. სტიქიამ ყველაზე მეტად გლდანის რაიონი დააზარალა. მოვარდნილმა წყალმა წაიღო დასახლებაში არსებული მშენებარე ხიდის შემოვლითი გზა. დაზარალდნენ ადგილობრივები, განსაკუთრებით კი მერკვილაძეების ოჯახი, რომელსაც მოვარდნილმა წყალმა საცხოვრებელი სახლი და მაღაზია დაუტბორა.

ადგილობრივები სანიაღვრე არხების მოუწესრიგებლობაზე საუბრობენ. 

„ყველაფერი წაღებული იყო. ორი თვეა, ეს გზა კეთდება და ვერ დამთავრდა. ვინც ასრულებს ამ სამუშაოს, იმის უყურადღებობის ბრალია,“- აცხადებენ ადგილობრივები.

ძლიერმა წვიმამ პრობლემები შეუქმნა ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მცხოვრებლებსაც. მათ დაეტბორათ სახლები. ადგილობრივები სტიქიის შედეგებთან ბრძოლას საკუთარი ძალებით ცდილობენ.

„ეს ხდება ყოველ გაწვიმებაზე, არხი საცხოვრებელ სახლებთან გადის, რომელიც არ იწმინდება, წყალი სახლებში შემოგვდის. 90%-ს სახლში შეუვიდა სახლში. წლებია, ამას ვითხოვთ, ხან გამგეობაში, ხან მერიაში, არსად არასოდეს არ დაფიქსირებულა დახმარება. ერთი-ორჯერ მოვიდნენ, შეხედეს, ეს პრობლემაა, მაგრამ არავინ ყურადღებას არ გვაქცევს,“- განაცხადა დაზარალებულმა, მახარე კუპრაძემ.

დღის ამბები