პანკისის ხეობიდან სოფელ ბირკიანის მკვიდრის - ბესლან წუწაშვილის გაუჩინარების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. 28 წლის მამაკაცის ოჯახს ინფორმაცია მიაწოდეს, რომ წუწაშვილი ტერორიზმის ბრალდებით რუსულმა მხარემ დააკავა.
ბესლან წუწაშვილის დედა შვილის ტერორიზმთან კავშირს არ ადასტურებს. ოჯახის აზრით, ტერორიზმის შესახებ გავრცელებული ცნობა წუწაშვილის თანმხლებმა ორმა დაღესტნელმა მეგობარმა გაავრცელა. დაკარგულის ნათესავები არ გამორიცხავენ, რომ მამაკაცი გატაცებულია.
ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი კვირის წინ მიმართა, თუმცა პასუხი არ მიუღია. წუწაშვილები სახელმწიფოსგან დროულ რეაგირებას ითხოვენ.
მეორე კვირაა, პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანის მკვიდრს 28 წლის ბესლან წუწაშვილს ეძებენ. 6 ივნისს იგი თბილისიდან გროზნოში სამუშაოდ ორ მეგობართან ერთად გადაადგილდებოდა.