ტყიბულის შახტში გარდაცვლილი ერთ-ერთი მუშის, 25 წლის პავლე გამეზარდაშვილის ოჯახი უკრაინელი ექსპერტების დასკვნას უნდობლობას უცხადებს.
ოჯახის ვარაუდით, მომხდარი არ უნდა უკავშირდებოდეს ადამიანურ ფაქტორს და ამბობენ, რომ ადგილი, სადაც ტრაგედია მოხდა, ისედაც ურთულესი კატეგორიის იყო.
გარდაცვლილის ძმის თქმით, ექსპერტებმა ვერ მოახერხეს უშუალოდ შემთხვევის ადგილის დათვალიერება. ოჯახი ოფიციალური გამოძიების შედეგებს ელოდება.
„პროფკავშირების განცხადება და უკრაინელი ექსპერტების განცხადება არის სრული სიცრუე. იქ ჩასული, რომ იყვნენ ეგენი, ნახეს დახურული სივრცე, სადაც უშუალოდ ეს ამბავი და ტრაგედია მოხდა, ეგ ადგილები მაგათ შესწავლილი არ აქვთ, იმიტომ, რომ მეორე დღესვე დალუქეს ეგ ადგილები და საერთოდ რაზე საუბრობენ ეგენი არ ვიცი,“ - განაცხადა გარდაცვლილის ძმამ, მირზა გამეზარდაშვილმა.
უკრაინელი ექსპერტების ჩამოყვანა საქართველოს პროფკავშირების ინიციატივით მოხდა.
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა.