17 ნოემბერი 2024,   19:40
ვრცლად
მოზარდების მკვლელობის საქმე - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია დღეს მოკლული მოზარდების მშობლებს მოუსმენს

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია დღეს მოკლული მოზარდების მშობლებს მოუსმენს.

სხდომაზე, რომელიც 10:00 საათისთვის უნდა დაიწყოს, ზაზა სარალიძეს და დავით დადუნაშვილთან ერთად, მათ ადვოკატებსაც ელოდებიან.

დროებით საგამოძიებო კომისიაში გადაგზავნილია საქმის მასალები, როგორც სასამართლოდან, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროდან.

„ეს კომისია მათ შორის იმის გამო შეიქმნა, რომ ამ ოჯახებმა, ზაზა სარალიძემ პირველ რიგში, ეს საკითხი გამოიტანა საზოგადოების განსასჯელად და საზოგადოების წნეხის შედეგად შეიქმნა ეს კომისია.

ჩვენ ვიწყებთ მათთან შეხვედრებით, თუმცა შემდეგ ეტაპზე რა თქმა უნდა გვექნება შეხვედრები სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებთან. როგორც შსს-დან ისე პროკურატურიდან,“-განაცხადა სერგი კაპანაძემ.

უახლოეს მომავალში იგეგმება, პროკურორებისა და მოწმეების, მათ შორის ყოფილი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის, ასევე იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების გამოკითხვა.

„საქმის გაცნობა დავიწყეთ, თუმცა პარალელურ რეჟიმში გაგრძელდება დაკითხვები. გეგმაში არის, რომ ყველა იმ პირს მოვუსმინოთ ვინც იყო მონაწილე ამ კონფლიქტის და ვინც არ იყო მონაწილე, მაგრამ შეესწრო ამ ფაქტს ან ინფორმაციის მატარებელია. მცირე ჯგუფები შეიქმნება, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში შევა და პატიმრობაში მყოფ პირებსაც გაესაუბრება,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.

დღის ამბები