დისციპლინური სამართალწარმოების საკითხები - იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი, ამ წუთებში სასამართლო რეფორმის შესახებ მსჯელობს.
სამუშაო ჯგუფის შეხვედრა სასტუმრო რედისონში მიმდინარეობს.
შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე, უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, დეპუტატები, საბჭოს წევრები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.
დღევანდელ შეხვედრაზე დისციპლინური სამართალწარმოების საკითხებზე მსჯელობენ. მოსამართლეთა მხრიდან დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში შესაძლოა, მათ პასუხისმგებლობა დაეკისროთ.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის, თქმით, ერთ-ერთი კანონპროექტი, რომელსაც დღეს განიხილავენ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განხილული არ ყოფილა.
ნაზი ჯანეზაშვილის განმარტებით, აღნიშნული კანონპროექტი საშუალებას იძლევა, რომ დაიწყოს დისციპლინური სამართალწარმოების პროცედურები იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების მიმართ მათი მხრიდან გადაცდომების შემთხვევაში.
„ეს არის დრაკონული კანონი, ვინაიდან მათ ექმნებათ დისკომფორტი, მათ ექმნებათ საფრთხეები, როდესაც საჯაროდ გამოგაქვს ყველა ინფორმაცია, რაც საბჭოში ხდება და ამის საპასუხოდ მათ შემოიტანეს ასეთი წინადადება, რომელიც თავისთავში გულისხმობს იმას, რომ საბოლოოდ შესაძლებელია, დადგეს ისეთი შედეგი, რომ გამოიწვიოს არამოსამართლე წევრის გათავისუფლება თანამდებობიდან,“ - განაცხადა ჯანეზაშვილმა.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძე, აცხადებს, რომ დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები და შესაბამისად, პროცედურები დაიხვეწება.
მედიისთვის ამ ეტაპზე შეხვედრა დახურულია.