კომპანია "სვეტი დეველოპმენტის" დირექტორი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. უწყებამ კომპანიის ფინანსური დოკუმენტაციის შესწავლა დაიწყო. გივი ჯიბლაძემ უწყება ცოტა ხნის წინ დატოვა. მან მედიასთან კომენტარი მხოლოდ გამოკითხვაზე შესვლამდე გააკეთა.
გივი ჯიბლაძის განცხადებით, ვინაიდან გაუთქმელობის დოკუმენტზე აქვს ხელი მოწერილი, საქმის დეტალებზე ვერ ისაუბრებს.
„სვეტის“ დირექტორის თქმით, იმ შემთხვევაში თუ მერია ნებართვებს გასცემს, კომპანია მზად არის, რომ 72 საათის განმავლობაში მშენებლობები განაახლოს.
„მე აბსოლუტურად ყველა კითხვაზე მაქვს პასუხი. დაახლოებით, 72 საათი დაგვჭირდება და სამუშაოებს დავიწყებთ აბსოლუტურად ყველა ობიექტს. კომპანიას რესურსი აქვს,“- განაცხადა „სვეტის“ დირექტორმა, გივი ჯიბლაძემ.
ამ წუთებში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე კომპანიის იურისტი და ბუღალტერი იმყოფებიან. შეკითხვების დასმის გამო, იურისტი - დიმიტრი ტორაძე ჟურნალისტების მიმართ აგრესიით გამოირჩეოდა.
„მაცადეთ ერთი წუთით, მაქვს ჩემი საქმე, ხომ შეიძლება პირადი საქმე მქონდეს. არ მაინტერესებს, ვის რა აქვს, 2 ათას ადამიანს, მე მაქვს ჩემი რეჟიმი. ხალხო, არ შეიძლება ასეთი ფორმატი. ეს არც ჟურნალისტურ ეთიკაში ჯდება, არაფერში ჯდება. გეუბნებით, რომ პირადი საკითხი მაქვს, თქვენ გინდათ ისკანდალოთ და ცირკები დადგათ, არ მაინტერესებს. ერთ კვირაში აღვადგენთ მშენებლობებს, როგორც კი ნებართვა გვექნება,“- განაცხადა „სვეტის“ იურისტმა, დიმიტრი ტორაძემ.
საგამოძიებო სამსახურში უკვე იმყოფებოდნენ დაზარალებული მენაშენეები. უწყებაში ძირითადად მირცხულავას ქუჩაზე მდებარე ობიექტის მენაშენეები. საგამოძიებო უწყებაში მათ დოკუმენტაცია მიიტანეს, რომელიც მათ სამშენებლო კომპანიასთან ჰქონდათ გაფორმებული. გამომძიებლების კითხვები ძირითადად „სვეტისთვის“ გადახდილ თანხებსა და იმ პირობებს ეხებოდა, რომლითაც კონკრეტული ფართები შეისყიდეს.
გამოძიება საცხოვრებელი ბინების შესაძენად მოქალაქეთა მიერ გადახდილი დიდი ოდენობით თანხების, სავარაუდო, მითვისების ფაქტზე მიმდინარეობს.