საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მოკლული მოზარდების საქმის პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ განაცხადა, რომ გუშინ მის მობილურ ტელეფონზე მუქარის შემცველი შეტყობინებები შევიდა.
ფხაკაძის თქმით, გუშინ, როცა ის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე საჯაროდ საუბრობდა მოზარდების მკვლელობის საქმის დეტალებზე მას მოკლული დავით სარალიძის მამა ემუქრებოდა, რის გასაჯაროვებასაც აპირებს.
ფხაკაძის ამ ბრალდებებს პანკისში მყოფმა ზაზა სარალიძემ უპასუხა.
როგორც სარალიძე აღნიშნავს, ის ფხაკაძეს მოკლე ტექსტური შეტყობინებებით აგინებდა, მაშინ როცა მისი შვილის მკვლელებს იცავდა.
„ვაგინებდი მკვდარს და ცოცხალს იქიდან გამომდინარე, რომ კიდევ ჩემი შვილის მკვლელს იცავს კბილებით და ვთხოვდი, სად არის ჩემი შვილის მკვლელი-მეთქი. ახლაც შევაგინებ, თუ გინდათ. რა, სასამართლო დარბაზიდან რომ გამოვედი, არ ვაგინებდი? მაშინ რატომ არ მომთხოვა პასუხი. თუ კაცია და ვაჟკაცია, ადგეს და გაასაჯაროვოს, დახურულ სხდომაზე გავასაჯაროვებო, რომ ამბობს, გაასაჯაროოს პირდაპირ, რომ მთელმა საქართველომ ნახოს, რატომ ვაგინებდი და რა სიტყვებით ვაგინებდი. რას ნიშნავს მუქარის შემცველი ტექსტები? გაასაჯაროვოს და საზოგადოებამ ნახოს. ვაგინებდი მკვდარს და ცოცხალს. სადაც შევხვდები, იქაც ვაგინებ კიდევ მკვდარს და ცოცხალს იმიტომ, რომ ჩემი შვილის მკვლელის ხელის დამფარებელია,“ - ამბობს ზაზა სარალიძე.