30 დეკემბერი 2024,   20:24
ვრცლად
უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია - კათოლიკოს-პატრიარქსა და ევროპარლამენტარებს შორის შეხვედრა საპატრიარქოში გაიმართა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის და ევროპარლამენტის დეპუტატების საგანგებო შეხვედრა საპატრიარქოში გაიმართა.

ევროპელი პოლიტიკოსები თბილისში განსაკუთრებული, მათ შორის, რელიგიური მისიით იმყოფებიან.

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია არის მთავარი საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც ევროპარლამენტარებს ქართული ეკლესიის პოზიცია აინტერესებთ.

ილია მეორესთან დასრულებული აუდიენციის შემდეგ დელეგაციის წევრებმა დაადასტურეს, რომ სწორედ უკრაინა იყო საუბრის მთავარი თემა.

ევროპარლამენტის წევრი, იან ოლბრიხტი აცხადებს, რომ რუსეთი გავლენების მოსაპოვებლად ყველა საშუალებას იყენებს.

„ეს საკითხი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მათთვისაც, ვისთვისაც მართლმადიდებლური ეკლესიაა მნიშვნელოვანი. ჩვენ პოლიტიკოსები, არავის რჩევას არ ვაძლევთ. ვფიქრობ, რომ თავად ეკლესიამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ვიცით, რა ხდება მსოფლიოს ამ ნაწილში, როგორი აქტიურია რუსეთი, როგორ ცდილობს ის გავლენის მოხდენას, ამისთვის ის ყველა საშუალებას იყენებს,“ - განაცხადა იან ოლბრიხტმა.

ევროპარლამენტის წევრის, ანა ზაბორსკას თქმით, დიალოგი უმნიშვნელოვანესია პრობლემის მოსაგვარებლად.

„თუ პოლიტიკოსებიც და ეკლესიაც მოთმინებას გამოიჩენენ, დაინახავენ ქართველი ხალხის კეთილ ნებასაც, ამით ნახევარი საქმე გაკეთებული იქნება. აუცილებლად უნდა ილაპარაკონ უკრაინელებმაც და რუსებმაც, რადგან გაჩუმება ყველაზე დიდი მტერია,“ - განაცხადა ანა ზაბორსკამ.

ევროპარლამენტის წევრი, გიორგი ჰოლვენი აღნიშნავს, რომ ეცნობიან საქართველოს გამოცდილებას, რადგან სხვადასხვა ეკლესიის თანაარსებობის კარგ მაგალითს წარმოადგენს ქვეყანა.

„საქართველო კარგი მაგალითია სხვადასხვა ეკლესიის თანაარსებობის. ეს უძველესი ტრადიციაა და მაგალითს გვაძლევს, როგორ უნდა მოვექცეთ ერთმანეთს. ჩვენ აქ არ ჩამოვედით, რომ გასწავლოთ ევროპული ტრადიციები, აქ ვიმყოფებით თქვენს მოსასმენად და იმიტომ, რომ თქვენგან ვისწავლოთ,“ - განაცხადა გიორგი ჰოლვენიმ.

ამ წუთებში ევროპარლამენტარები „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებს ხვდებიან. პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” მდივანმა, თინათინ ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ ევროპარლამენტარებს საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას.

„ევროპარლამენტარებისთვის, ცხადია, უკვე ცნობილია ის გამოწვევები, რის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას. ის, რომ ივანიშვილის ხელისუფლება მართლმსაჯულების სისტემას იყენებს პოლიტიკური მიზნებისთვის, ის, რომ ხელისუფლება დევნის თავისუფალ მედიას, მაგრამ ჩვენი ვალია, რა თქმა უნდა, მეტი დეტალი მივაწოდოთ ამ პრობლემების შესახებ იმისთვის, რომ საქართველომ შეძლოს, რომ გადალახოს ეს პრობლემები და გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი უახლოეს მომავალში,“ - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

ევროპული დელეგაცია საქართველოს ხვალ დატოვებს.

დღის ამბები