შსს-ს თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობისთვის 2015 წლიდან ძებნილი პირი დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ დაკავებულია 1971 წელს დაბადებული შ.ვ., რომელიც განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის 2015 წლიდან იძებნებოდა.
"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 2015 წლის 20 ნოემბერს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა1971 წელს დაბადებულ ნ.ფ.-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა, 1956 წელს დაბადებულ მ.გ. კი მძიმედ დაჭრა," - ნათქვამია განცხადებაში.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულის მიერ ჩადენილი დანაშაული 11-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს.