17 ნოემბერი 2024,   16:35
ვრცლად
თვითმფრინავის გაუმართაობის გამო გადადებული რეისი ქუთაისი - დორტმუნდის მიმართულებით 12:00 საათზე შესრულდება

,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, ავიაკომპანია "ვიზეარის" კუთვნილი თვითმფრინავი ქუთაისის აეროპორტიდან დორტმუნდის მიმართულებით 12:00 საათზე გაფრინდება. მგზავრებს ამის შესახებ აეროპორტის ხელმძღვანელობამ უკვე აცნობა. 

როგორც აეროპორტში ავიაკომპანია "ვიზეარზე" დაყრდნობით აცხადებენ, თვითმფრინავის აფრენამდე დაფიქსირდა პროგრამული ხარვეზი, რის შემდეგაც ხომალდის კაპიტნის გადაწყვეტილებით, თვითმფრინავი სადგომზე დაბრუნდა. ავიაკომპანიის ინჟინრების შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ამ დროისთვის თვითმფრინავი მწყობრშია და რეისს ჩვეულ რეჟიმში განახორციელებს.

რაც შეეხება თვითმფრინავის უკანა ნაწილში გაჩენილ კვამლს, წინასწარი ინფორმაციით ის ძლიერმა დამუხრუჭებამ გამოიწვია.

,,თვითმფრინავი იმყოფებოდა ასაფრენ რეჟიმში, სიჩქარე საჰაერო ხომალდს უკვე აკრეფილი ჰქონდა. რა დროსაც, სიჩქარის ერთ-ერთმა მაჩვენებელმა, მოგეხსენებათ თვითმფრინავს სიჩქარის რამდენიმე მაჩვენებელი გააჩნია, არასწორი მონაცემები დააფიქსირა. ეკიპაჟმა იმ წუთსავე მიიღო ფრენის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება და მკვეთრად დაამუხრუჭა. დამუხრუჭებამ გამოიწვია კვამლი.

ეს ინფორმაცია შემოწმების შედეგად "ვიზეარის" ინჟინრებმა მოგვაწოდეს,-‘’განაცხადა ქუთაისის აეროპორტის მენეჯერმა ედუარდ მნაცაკანიანმა.

რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაგეგმილ სხვა რეისებს, ინფორმაციას მომდევნო რეისების შესრულებასთან დაკავშირებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი "ვიზეარის" სათაო ოფისიდან ელოდება და მიღებისთანავე გაავრცელებს.

დღის ამბები