17 ნოემბერი 2024,   16:24
ვრცლად
"დაიმშვიდეთ ნერვები... ელენე, ნუ ყვირი..." - შელაპარაკება ბესელიასა და კომისიის წვევრებს შორის

ხმაური საგამოძიებო კომისიის სხდომაზე - ეკა ბესელიამ ევროპული საქართველოს წევრებს ნერვების დამშვიდებისკენ მოუწოდა.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის გაღიზიანება სერგი კაპანაძის განცხადებამ გამოიწვია, რომელმაც იკითხა, რატომ არ ჩატარდა ინციდენტის მონაწილეების სახლებში ჩხრეკა, როდესაც არსებობდა ეჭვი, რომ მათ სახლებში შესაძლოა, საქმისთვის საინტერესო მტკიცებულებები აღმოეჩინათ.

სერგი კაპანაძემ განაცხადა, რომ მან თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსისგან და ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმის გამომძიებლისგან პასუხები ვერ მოისმინა.

ეკა ბესელიამ კომისიის თავმჯდომარეს მოუწოდა, დამშვიდებულიყო და მიეცა საშუალება შალვა ბედოიძისთვის და ირაკლი ფიფიასთვის, პასუხები გაეცათ.

„წესებს პატივი ვცეთ. აქ არ ვართ ჩვენ, სადღაც პრივატულ სივრცეში. მომასმენინეთ პასუხები, დაიმშვიდეთ ნერვები. თუ არ მოვისმენთ, ვერ მივიღებთ პასუხებს. დაიმშვიდეთ ნერვები, დაწყნარდით, რა გიხარიათ,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

მან ასევე მიმართა ელენე ხოშტარიას, რომ გამორთულ მიკროფონთან ნუ ყვიროდა. 

"ელენე, ნუ ყვირი, დამშვიდდი. მე რას შევეგუები და რას არა, მე გადავწყვეტ," - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ეკა ბესელიას სერგი კაპანაძემ თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

„ჩვენ არ ჩავრეულვართ თქვენს კითხვებში და ამიტომ თქვენც ნუ ჩაერევით,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ იმ მიზეზით, რომ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ხელს უშლიდა სხდომის მსვლელობას, ეკა ბესელიას მიკროფონი გამოურთო.

საგამოძიებო კომისიის წევრები უკვე მეორე დღეა, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსს და ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმის გამომძიებელს უსვამენ კითხვებს. თუმცა, დღევანდელ სხდომაზე არ მივიდა დეტექტივების სამმართველოს უფროსი, იოსებ სიგუა. გუშინდელი ხმაურიანი სხდომის შემდეგ დღეს გაკეთდა განმარტებები, რომ იოსებს სიგუა თავს შეუძლოდ გრძნობს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები