თბილისის გენერალური გეგმა კონკრეტული ობიექტების გამო უკვე ხდება დაპირისპირების მიზეზი. ასეთ ობიექტებს შორის არის ელიავას ბაზრობა.
დედაქალაქის მერია გეგმავს, რომ ტერიტორიის მფლობელებს შესთავაზოს ყველაფერი, ადგილის დათმობის სანაცვლოდ. მესაკუთრეები კი უკვე წლებია, ბაზრობის ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრის აშენების უფლებას მოითხოვენ.
კერძო მესაკუთრეებს დღეს თბილისის მერმა უპასუხა. კახი კალაძე ელიავას ბაზრობის მეწილეებთან მოლაპარაკებას რამდენიმე დღეში დაიწყებს.
მიწათსარგებლობის დოკუმენტი საკრებულოს უკვე გადაეგზავნა, დეპუტატებმა დეტალურად უნდა შეისწავლონ თბილის განვითარების გენერალური გეგმა.
ელიავას ბაზრობის ტერიტორია არის ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც შესაძლოა, საკრებულოში დიდი დაპირისპირება დაიწყოს. მმართველი გუნდი ბაზრობის გადატანის მომხრეა, თუმცა ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ეს გადაწყვეტილება უმუშევართა რაოდენობას კიდევ უფრო გაზრდის.
ელიავას ბაზრობა იმ 11 ობიექტს შორის არის, სადაც რეკრეაციული ზონა უნდა გაშენდეს. თბილისის მიწათსარგებლობის ახალი გენგეგმის მიხედვით, თბილისის ზღვის მიმდებარედ, ელიავას ბაზრობაზე, დიდი დიღომში, ორთაჭალის ბაღებსა და კიდევ 5 ობიექტზე ბეტონის კონსტრუქციების ნაცვლად მწვანე საფარი იქნება, თუმცა როგორ განხორციელდება კერძოს საკუთრების ჩანაცვლება, ჯერ დაზუსტებული არ არის.
თბილისის ცენტრალური უბნებში ახალი განაშენიანება მნიშვნელოვნად შეიზღუდება, მათ შორის არის ვაკისა და საბურთალოს ზონები.
თბილისის გენგეგმა, რომელზეც "სითი ინსტიტუტი" თითქმის 3 წელი მუშაობდა, ბუნებრივი საფრთხის მაღალი საშიშროების ზონებსაც მოიცავს. თბილისის 20 პროცენტი სწორედ ამ რისკზონას მიეკუთვნება, მეწყერსაშიშ და წყალმოვარდნის ალბათობის მქონე ტერიტორიად ორი ზონა გამოიყო. მთაწმინდა და მამადავითის მიმდებარე ტერიტორია ერთ-ერთია, რომელიც მეწყრულ ზონად ჩაიწერა, ჟვანიას მოედანი და მის გვერდით ქუჩები საშიში ზონის 20 პროცენტის ნაწილია.
თბილისის გენგეგმის განხილვა აგვისტოს ბოლომდე უნდა დასრულდეს. სავარაუდოდ, პირველი იანვრიდან კი თბილისს განაშენიანების უკვე ოფიციალური დოკუმენტი ექნება, რომელიც თბილისის მერმა რამდენიმე თვის წინ დაიწუნა და მისი შეცვლა მოითხოვა.