ჭუბერის თემში დაწყებული და შემდგომ განვითარებული მოვლენები, თვალსაჩინოებისთვის, გრაფიკულად წარმოადგინა "კურიერმა". გრაფიკაში დეტალურად ჩანს, როდის და როგორ დაიწყო სტიქიური უბედურება.
ჭუბერის თემში სტიქია მძვინვარებს, რომელიც თითქმის მთლიანად ემთხვევა მდინარე ნენსკრას ხეობას. ეს თემი სოფელ ხაიშიდან ჩრდილოეთით მდებარეობს.
ეპიცენტრია მდინარეების ნენსკრასა და ოკრილას ხერთვისი. ამ ადგილას მდებარეობს ხოკრილას მთა და წუხელ სწორედ მისი დიდი მასივი ჩამოიშალა, მთის მასამ ჩაკეტა ხეობა. შემდეგ, საათების განმავლობაში დაგროვილმა წყალმა მიწაყრილი გაარღვია და ღვარცოფი ნენსკრას ხეობაში სოფლებისკენ დაიძრა.
ჭუბერის თემში ათამდე სოფელია, სულ ათასამდე მოსახლით და რადგანაც ეპიცენტრი დასახლებების უკიდურეს ჩრდილოეთში იყო, წყალდიდობა ახლა ყველა სოფელს ემუქრება. ზოგიერთ მათგანს წყალმა უკვე გადაუარა, განადგურებულია რამდენიმე საავტომობილო ხიდი და სოფლების დამაკავშირებელი გზები.
წყალი, ღვარცოფი და მოგლეჯილი ხეები მდინარე ენგურისკენ მიემართება. სწორედ ენგურს უერთდება ნენსკრა.