ტყიბული დაღუპულ მეშახტეებს გლოვობს. გარდაცვლილების ოჯახის წევრები, მომხდარის და მუშების დაღუპვის საზარელ ვერსიებს ჰყვებიან. მეშახტეები, რომლებიც საბედისწერო აფეთქების დროს, ტრაგედიის ადგილზე იმყოფებოდნენ, სავარაუდოდ უჰაერობით გაიგუდნენ. დაღუპულების ოჯახის წევრები ყვებიან, რომ სიკვდილის წინ გადატანილი მძიმე წუთები, ცხედრებს ხელებზე ეტყობათ.
"35 წელი რომ იმუშავებ და არცერთ შეცდომას არ დაუშვებ, ფრჩხილი რომ არ გეტკინება. ნახეთ მისი ხელები, მოგუდულია, ხელი ვერ გავაშლევინეთ სიმწრისგან აქვს ხელები მოკუმშული, რაზე უნდა ვისაუბრო რა შრომის უსაფრთხოების დარღვევაა.
პასუხი უნდა აგოს ყველა იმ პირმა ვინც საჭიროა. არ გაჟღერდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მამაჩემს ან რომელიმე მათგანს აქვს დარღვევა... დღეს შეიძლება არაფერს წარმოვადგენდე, მაგრამ იმ დონის აქციებს მოვუწყობ, რომ... ვინც დამნაშავეა უნდა დაისაჯოს. არ შეიძლება ამდენი ხალხი ჩაწყდეს, 5 აპრილს ჩემი ბიძაშვილი დაიღუპა, მამაჩემის მეგობრები იყვნენ,"-ამბობს გარდაცვლილი მეშახტის შვილი.
გარდაცვლილი მეშახტის შვილი ასევე ყვება, რომ ოფიციალურად ხელშეკრულებაში წერია, რომ ქვანახშირის გამოღება კამერული წესით არ ხდება, ტყიბულში კი ნახშირი სწორედ ამ მეთოდით მოიპოვება.
"ორი წელი ვიმუშავე, ჯოჯოხეთურ პირობებში სიკვდილი არ მინდოდა. მიმდინარეობს სხვა წესით გამოღება და არის საბუთებში სხვა წესით გამოღებაზე საუბარი, კამერული წესით გამოღება მიმდინარეობს და საბუთებში ლენტური წესით არის ოფიციალურად საუბარი. კამერული არის უჰაერო გაუმაგრებელი სივრცე,"-ამბობს მეშახტის შვილი.