17 ნოემბერი 2024,   17:55
ვრცლად
მოწმეებზე ზეწოლის ბრალდებით დაკავებულ მერაბ მორჩაძეს დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები კითხავენ

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები, გლდანის ციხეში მივიდნენ.

კომისია მერაბ მორჩაძეს კითხავს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცოტა ხნის წინ, მოწმეებზე ზეწოლის ბრალდებით დააკავა.

კომისიის წევრებს მერაბ მორჩაძისგან სურთ მოისმინონ, რა კონტაქტი ჰქონდა მას იმ მოწმეებთან, რომლებიც მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდნენ ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით.

ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე, სერგი კაპანაძე არ გამორიცხავს, რომ საგამოძიებო კომისიის მიერ ხორავას ქუჩის საქმის მასალების შესწავლის შემდეგ სხვა პირთა ბრალეულობაც გამოიკვეთოს.

„ცალკეული პირების გამოკითხვის შედეგად ძნელია ვინმეს დანაშაულებრივი ქმედების გამოკვეთა, მაგრამ ერთობლიობაში, ცალკე არსებული მოწმეების გამოკითხვა, მათ შორის, ბრალდებულების გამოკითხვა და სხვა მასალების ანალიზი, რომელიც ჩვენ გვაქვს, ჯამში, სავარაუდოდ, შეიძლება, რომ იყოს გამომწვევი სხვა ადამიანებზე გასვლის ან რაღაც კონკრეტული ახალი გარემოებების აღმოჩენის. ამაზე წინასწარ საუბარი არის ნაადრევი, თუმცა, ძალიან მალე ეს ყველაფერი გამოჩნდება,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წევრის, დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, დღევანდელი გამოკითხვა მომხდარის ფართო ჭრილში გაანალიზების შესაძლებლობას მისცემთ. ცქიტიშვილი ასევე, აღნიშნავს, რომ მორჩაძე ხორავას ქუჩის საქმის მთავარი მოწმე არ არის.

„ჩვენ გვაინტერესებს სწორედ იმიტომ, რომ ეს შესაძლოა იყოს ის, რამაც ვთქვათ, ზემოქმედება მოახდინა მოწმის ჩვენებაზე და ამიტომაც გვაინტერესებს, ეს მართლაც ასე იყო, როგორ იყო და რა პროცესი იყო და იმისთვის, რომ დიდი სურათი დავინახოთ ცალკეული დეტალებით კი არა, ყველა დეტალთან ერთად. ამიტომაც ჩვენ გვაინტერესებს, მათ შორის, ეს მოწმეც. თუმცა, ვიტყოდი, რომ ეს არ არის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი მოწმე ამ საქმეში იმიტომ, რომ ფიგურანტები საქმის და თვითონ ბრალდებულები და მსჯავრდებულები, ესენი, ალბათ, უფრო მნიშვნელოვან და უფრო დეტალურ ინფორმაციას მოგვცემენ,“ - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

მოწმე, ვისზე ზემოქმედებასაც მერაბ მორჩაძეს ედავებიან, მიხეილ კალანდიაა, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ორი არასრულწლოვნის მკვლელობის საქმის თვითმხილველი და პროკურატურის ოქროს მოწმე.

პროკურატურის ვერსიით, მერაბ მორჩაძე, რომელიც კალანდიების ნათესავია, მოზარდს გამოძიებაში მიცემული ჩვენების შეცვლას საქმეზე ერთერთი ბრალდებულის სასარგებლოდ სთხოვდა.

საბრალდებო დასკვნაში მითითებულ გარემოებებს მერაბ მორჩაძე არ ეთანხმება. მორჩაძე კატეგორიულად გამორიცხავს მიხეილ კალანდიასთვის ჩვენების შეცვლის სანაცვლოდ რაიმე თანხის გადაცემას ან დაპირებას. მისი მტკიცებით, მან მიხეილ კალანდიას მხოლოდ რჩევა მისცა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები