„რუსეთისგან გასაკვირი არაფერი არ არის. აქ მნიშვნელოვანია ჩვენი ხელისუფლების ქმედებები და პოზიცია,“ - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრმა, ელენე ხოშტარიამ, რუსეთის გენერალური პროკურატურიდან ტატუნაშვილის ოჯახისთვის მიწერილი წერილის შეფასებისას გააკეთა.
ელენე ხოშტარიას თქმით, ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას და ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში ოკუპანტთა სახელებიც შეიტანოს.
„ის ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენ შევქმენით, ეს არის ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია, იქ აუცილებლად უნდა იყვნენ სწორედ რუსი პასუხისმგებელი პირები ამ დანაშაულზე და ჩვენ, მათ შორის, ეს სია უნდა გავიტანოთ საზღვარგარეთ, რომ ეს იყოს აბსოლუტურად ჩამოყალიბებული სწორედ მათი, იმ რუსი მონაწილეების, რომლებიც ამას ხელს უწყობენ, ხელს აფარებენ და ა.შ.,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე მისმა ოჯახმა და ადვოკატებმა რუსეთის გენერალური პროკურატურიდან წერილი მიიღეს. უწყების წერილში განმარტებულია, რომ „სამხრეთ ოსეთი“ არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და რუსეთი არ ერევა მათ საქმიანობაში.