20 ნოემბერი 2024,   03:27
ვრცლად
დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრების დატაცება - პროკურატურამ სამინისტროების შესწავლა დაიწყო

მთავარმა საგამოძიებო უწყებამ მინისტრების ჯიბეში ფულის თვლა დაიწყო. პროკურატურა სამინისტროებიდან დოკუმენტაციის ამოღების პროცესს აწარმოებს.

კურიერის ინფორმაცით, საბუთები გატანილია ინფრასტრუქტურის და ეკონომიკის სამინისტროებიდან. სწავლობენ ზურაბ ალავიძის და დიმიტრი ქუმსიშვილის მინისტრობის პერიოდს. საქმე არ ეხება ერთ მილიონს ან ერთ შესყიდვას, გამოძიება დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრების დატაცებაზე მიმდინარეობს.

ეკონომიკის სამინისტროდან უკვე ამოღებულ ასობით ფაილს ემატება ახლებიც. ვიდრე პროკურატურა დიდ რევიზიას დაიწყებდა, ქართულ ოცნებაში ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილმა პირებმა იმსჯელეს და გამოძიების დაწყებას მწვანე შუქი აუნთეს.

იძიებენ ძირითადად იმ მინისტრების საქმიანობას, ვინც მთავრობაში კვირიკაშვილმა მოიყვანა ან კვირიკაშვილთან ერთად წავიდნენ.

სანდრო წყარო კურიერს უყვება, რომ ერთ-ერთმა გავლენიანმა მინისტრმა დახურულ შეხვედრაზე თქვა, „ვინმე უნდა დავიჭიროთო“.

თუ ხალხის გაფლანგულ ფულს ჩინოვნიკების ჯიბეში ნამდვილად ეძებენ, მაშინ გამოძიებას გასვლა ბიძინა ივანიშვილის უახლოეს გარემოცვაზეც მოუწევს, რადგან ოპოზიცია ამტკიცებს, რომ კორუფციული სქემების თავში ივანიშვილის ნათესავები დგანან და დიდი წილი მათთან მიდიოდა.

პროკურატურამ ეკონომიკის სამინისტროსგან  დოკუმენტაცია გამოითხოვა. საგამოძიებო უწყება იმ მასალებით დაინტერესდა, რომელიც ტირპარკების მოწყობას და ტექდათვალიერებას ეხება.

ტირპარკები, რომლითაც დაინტერესებულია საგამოძიებო უწყება, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარეობს. ეს არის სპეციალური ადგილი, სადაც სატვირთო ავტომობილები და ტრაილერები საზღვრის გადაკვეთამდე ლიცენზიის მისაღებად ჩერდებიან.

ბიზნესმენები კურიერთან საუბრისას ამბობენ, რომ მათ ლიცენზიის აღების შესაძლებლობას არ აძლევდნენ.

ოპოზიცია კორუფციულ გარიგებებზე საუბრობს. სახელდებოდნენ კონკრეტული პირებიც, რომელთა ლობირებითაც შერჩევითობის პრინციპით გაიცემოდა სპეციალური ლიცენზიები. ერთ-ერთი ასეთი აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი, ზურაბ პატარაძე, იყო.

დღის ამბები