არა ძალადობრივ ჰესომანიას და დატბორვას- ამ ლოზუნგით სოლიდარობის აქცია იგეგმება დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან.
აქცია სოციალური ქსელით დაიგეგმა და მისი ორგანიზატორი სამოქალაქო სექტორია.
მონაწილეები კანცელარიასთან შეკრებას 18:30 საათიდან დაიწყებენ.
გარემოსდამცველები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ხელისუფლების მხრიდან სვანეთში ადგილობრივების დაშინების მცდელობაზე საუბრობენ.
მათი ვარაუდით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებაში შესაძლოა, მაღალჩინოსნების ინტერესები გამოიკვეთოს.
„დავინახეთ საპოლიციო ძალის და სპეცრაზმის მაქსიმალური კონცენტრაცია ამ სოფლებში, რომელიც ცხადია იმთავითვე კითხვის ნიშნებს ბადებს. რამდენად პროპორციული იყო ეს საშუალება და აუცილებელი ამ დანაშაულებების გამოსავლენად. ამ პრობლემაზე მუშაობა სახელმწიფომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის ალტერნატიული სოციალური და ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების მიცემით უნდა დაიწყოს,“-აცხადებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი თამთა მიქელაძე.