17 ნოემბერი 2024,   16:50
ვრცლად
სვანეთში ხის დამამუშავებელი საამქროები დახურულია - მოსახლეობის თქმით, ხელისუფლებამ სპეცრაზმი მათ დასაშინებლად გამოიყენა

სპეცოპერაციიდან მეორე დღეს სვანეთში ხის დამამუშავებელი საამქროები დახურულია. კონსულტაციები პრემიერ-მინისტრის რეგიონალური მართვის სამსახურის უფროსთან, სოზარ სუბართან უშედეგოდ დასრულდა. მოლაპარაკებებისთვის სვანები თბილისიდან სამთავრობო დელეგაციას ელოდებიან.

სპეცრაზმის გამოჩენის გამო დაწყებული პროტესტი კი მხოლოდ მას შემდეგ შეწყდა, რაც სამართალდამცველებმა რეგიონი დატოვეს.

ხალხმრავალი აქციის მონაწილეები პროტესტიდან მეორე დღეს ამტკიცებენ, რომ ხელისუფლებამ სპეცრაზმი სვანეთში ადგილობრივი მოსახლეობის დასაშინებლად გამოიყენა.

მათი თქმით, სპეცრაზმი ჭუბერში მოსახლეობაზე ზეწოლისათვის შეიყვანეს, რათა ადგილობრივები გიგანტური ჰესების მშენებლობაზე დაითანხმონ.

მოსახლეობა ხელისუფლებას ურჩევს, რომ ხე-ტყის შავი ბიზნესის მფარველები მათ რიგებში ეძებოს.

ადგილობრივები ხელისუფლებას სთხოვენ, რეგიონში მოსახლეობას საარსებო წყარო დაუტოვოს. დღეს გამართულ მოლაპარაკებებზე გადაწყდა, რომ მომავალ კვირას სვანეთში სამთავრობო კომისია ჩავა, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებს შეისწავლის.

გუშინ ხმაურიანი დაპირისპირების შემდეგ ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალი სვანეთში წუხელ მხოლოდ რამდენიმე საათიანი მოლაპარაკების შემდეგ გაიხსნა.

ავტორი: ემა გოგოხია.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები