სპორტულ დარბაზში დაწყებული დაპირისპირება სისხლიან ანგარიშსწორებაში გადაიზარდა. ერთმანეთს სპორტსმენები და გულშემატკივრები დაუპირისპირდნენ. ჩხუბის დროს, ოთხი ადამიანი ცივი იარაღით დაჭრეს, მათ შორის 21 წლის რეკორდსმენი, ლევან აბესაძე. ოთხივე დაჭრილი 2 სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევა 2017 წლის 25 ივნისს მოხდა.
სიცოცხლისთვის საშიში ოთხი ჭრილობა ლევან აბესაძეს მუცლისა და ყელის არეში ჰქონდა მიყენებული. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე დაიწყო.
შემთხვევიდან მეორე დღეს, პოლიციამ მთავარი ეჭვმიტანილი, 22 წლის ბუბა ხელაშვილი დააკავა. იმ სახლის ჩხრეკისას, სადაც ხელაშვილი სტუმრად იმყოფებოდა, პოლიციამ ამოიღო დანა, რომელიც გამოძიებამ დანაშაულის ჩადენის იარაღად მიიჩნია. ბუბა ხელაშვილს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს თუმცა, ბუბა ხელაშვილის სამოსზე, რომელსაც დაზარალებულისთვის ჯერ საძილე არტერიაში, შემდეგ კი მუცლის არეში დანით სამი ჭრილობის მიყენებას ედავებოდნენ, სისხლის ერთი წვეთიც არ აღმოჩნდა.
პროკურატურა წინასწარი გამოძიების პროცესში მოწმეთა ჩვენებებს ეყრდნობოდა, რომლებიც დანაშაულის ჩადენაში სწორედ, ბუბა ხელაშვილის ამხელდნენ.
საკუთარ ჩვენებაში, თავად ლევან აბესაძეც ადასტურებდა, რომ ყელის არეში ჭრილობა სწორედ ბუბა ხელაშვილმა მიაყენა, რის შემდეგაც გონება დაკარგა და არ დაუნახავს ვინ ურტყამდა დანას მუცელში.
თავად ბუბა ხელაშვილი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და დარწმუნებულია, რომ ანგარიშსწორების მსხვერპლია. ის თვლის, რომ გამამტყუნებელი განაჩენი არა სასამართლოში არამედ სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიწერა. ხელაშვილი ამბობს, რომ ვახტანგ გომელაური საქმეში პირდაპირ ჩარეულია.
ხელაშვილი სამართლებრივ ბრძოლას სააპელაციო სასამართლოში აგრძელებს.