ტელეკომპანია „იბერიას“ ჟურნალისტები სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას ითხოვენ. მათი თქმით, ქარხნის ამუშავების შემდეგ დაგროვილი ვალების გასტუმრება უნდა დაიწყოს. გარდა ამისა, არ უნდა ხდებოდეს მედიის თავისუფლების გამოყენება კონკრეტული მიზნების მიღწევისთვის.
„იბერიის“ საინფორმაციო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის ვახო ხუზმიაშვილის თქმით, ტელეკომპანია საარჩევნოდ მიზანმიმართულად დახურეს.
„ტელეკომპანია „იბერიას“ დამფუძნებლებმა არ ჩათვალეს თავი ვალდებულებად, რომ თუ არ შეეძლოთ, ვთქვათ თუ არ ქონდათ საკმარისი ფინანსები ვინმესთვის მადლობა მაინც ეთქვათ იმისთვის, რასაც აკეთებდა ტელეკომპანია „იბერიაში“ მომუშავე ჟურნალისტები. საარჩევნოდ დახურეს ზუსტად ტელეკომპანია „იბერია“. ამ ქვეყანაში სულ არჩევნებია, ასე გამოდის, რომ ჩვენ ხმა ვერ ამოვიღოთ უნდა და ჩვენ ჩვენი უფლებები ვერ დავიცავით ჟურნალისტებმა , ვისი უფლება უნდა დავიცვათ? უნდა გავჩუმდეთ და გავატაროთ ეს ამბავი? ვერ გავატარებთ ამ ამბავს,“ - განაცხადა ვახო ხუზმიაშვილმა.
მათივე განცხადებით, „იბერიას“ დამფუძნებლებმა ტელეკომპანია საკუთარი ბიზნეს ინტერესებისთვის გამოიყენეს, რაც მხოლოდ ჟურნალისტებისთვის ხელფასების არ მიცემაში არ გამოიხატება.
„ეს არ არის კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მხოლოდ ჟურნალისტებისთვის ხელფასების არ გაცემა, მხოლოდ მათი ქუჩაში დატოვება იმიტომ, რომ თავისუფალი მედიის გამოყენება მოხდა კონკრეტული ბიზნეს ინტერესებისთვის და ეს ყველაფერი ჩვენთვის არის კატეგორიულად მიუღებელი. არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე დახურა ტელეკომპანია „იბერია“, ამის მერე ჩვენ მოვისმინეთ ზაზა ოქუაშვილის განცხადებები და გაჟღერდა არაერთი ინფორმაცია გარკვეული გარიგებების შესახებ. ეს ყველაფერი მიუთითებს რაზე? იმაზე, რომ ამ ყველაფერს სიტყვის თავისუფლების დაცვასთან არანაირი კავშირი არ ჰქონია.“ - განაცხადა ტელეკომპანია „იბერიის“ ჟურნალისტი, თამარ ურუშაძემ.