18 მაისი 2024,   09:16
ვრცლად
"გმირის შვილი დააბრუნეთ... ჩემი შვილი მთავრობამ გვერდზე გაწია" - ლიბიაში გაუჩინარებული ქართველი მეზღვაურის დედა მთავრობას მიმართავს

ლიბიაში გაუჩინარებული 23 წლის ქართველი მეზღვაურის დედა დახმარებას ითხოვს. ნინო ცეცხლაძე, რომლიც ამჟამად თურქეთში მუშაობს ამბობს, რომ ბოლოს კონტაქტი დავით რაზმაძესთან გაუჩინარების წინა დღეს, 6 იანვარს ჰქონდა.

რა დროსაც, დავით რაზმაძემ დედას უთხრა, რომ რამდენიმე დღეში საქართველოში დაბრუნებას აპირებდა, რადგან მუშაობა აღარ შეეძლო.

ნინო ცეცხლაძე გამორიცხავს, რომ მისი შვილი გარდაცვლილია. მისი თქმით, ეგვიპტის საკონსულომ გაუგზავნა ფოტოები, რომ თითქოს მისი შვილის ცხედარი იპოვეს და გადამოწმების მიზნით დნმ-ს სთხოვენ.

„აყვანილი გვყავს ადვოკატი, გაგზავნილი მაქვს ჩემი თუკი რამ შეიძლება რომ ამ ბავშვის დნმ-ისთვის გამოდგეს. ვნახოთ რა იქნება, ჩემი მეუღლე უნდა წავიდეს ლიბიაში,“ - ამბობს ნინო ცეცხლაძე.

ნინო ცეცხლაძე საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს.

„დათუნას მამა, ზაზა რაზმაძე, რომელმაც ოფლი და სისხლი დაღვარა ცხინვალის ომში, აფხაზეთი ბოლომდე, ჭუბერი ბოლომდე ფეხით გადმოიარა, სიცივეში, შიმშილში, ჩვენ თავშესაფარი ვითხოვეთ საქართველოსგან, მე და ჩემმა შვილმა, მაგრამ საქართველომ გვითხრა, თქვენ არაფერი არ გეკუთვნითო, 2008 წელს მე მივმართე გორს დახმარებისთვის, მაგრამ საერთოდ ხელი არავინ არ გაგვიწოდა. მე იძულებული გავხდი, რომ წამოვსულიყავი საქართველოდან, შემდეგ შევქმენი აქ ოჯახი და ბავშვი დავტოვე მშობლებთან. ნუთუ ასეთი გმირის შვილი, ასეთი მამის შვილი შეიძლება გვერდზე გასწიო. დათუნას მამა, მართლაც, გმირი იყო. ახლა მაინც დამეხმაროს მთავრობა, ახლა მაინც იფიქროს ჩემს შვილზე. საქართველოს მრცხვენია, მრცხვენია, როგორ ვთქვა მე ეს ყველაფერი,“ - ამბობს ნინო ცეცხლაძე.

ქართველი მეზღვაური 7 იანვარს ლიბიის ერთ-ერთი პორტიდან გაუჩინარდა. დავით რაზმაძის მამის ძმა და მისი მეუღლე 2008 წლის ომის დროს, გორის ვერხვების დასახლების დაბომბვისას დაიღუპნენ.

დავით რაზმაძის მამის, ზაზა რაზმაძის ფოტომ, სადაც იგი დაღუპული ძმის ცხედარს დასტირის, მთელი მსოფლიო შეძრა. თავად ზაზა რაზმაძე კი 2014 წელს უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა.

დღის ამბები