უკანონო მიგრაციის ხელშეწყობა დასჯადი ხდება. საკანონმდებლო ინიციატივა დღეს ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ წარადგინა.
ნიციატივის მიხედვით, პირს, რომელიც თანხის სანაცვლოდ საქართველოს მოქალაქეებს ევროპის ქვეყნებში დასაქმებას ან არალეგალურ ყოფნაში დახმარებას დაჰპირდება, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება.
„თავშესაფრის უსაფუძვლოდ მოთხოვნის მაჩვენებლები იმატებს, ამიტომ, ჩვენ ახლა ვალდებული ვართ, რომ სახელმწიფო ნება ვაჩვენოთ, ვაჩვენოთ ის, რომ უკანონო მიგრაციას ხელს ვერ შევუწყობთ,“- განაცხადა ხულორდავამ.
მმართველი გუნდის წარმომადგენელთა შეფასებით, ეს გადაწყვეტილება თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვს შეამცირებს. ოპოზიცია კი, აღნიშნული ინიციატივის მიმართ კრიტიკულად არის განწყობილი.
„როგორ უნდა განასხვაოთ მეგობრები ნათესავებისგან, ახლო ნათესავი არა ახლო ნათესავისგან. აშკარაა, რომ მაინც არი საფრთხე იმისა, რომ ადამიანები თუკი ერთმანეთს დაეხმარებიან სამსახურის პოვნაში ისინი დაისჯებიან,“- ამბობს პარლამენტის ფრაქცია „ ევროპული საქართველოს“ მდივანი გიორგი კანდელაკი.