გერმანიაში მცხოვრებ ქართველებისა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის შეხვედრა სამ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. შეხვედრაზე მისულ ემიგრანტებს შორის იყვნენ წარმატებული ქართველები, რომლებიც წლებია ცხოვრობენ გერმანიაში, აქვთ საკუთარი ბიზნესი და სურთ ხელი შეუწყონ ქვეყნის განვითარებას. მიხეილ სააკაშვილს მიგრანტებმა რამდენიმე ინიციატივაც გააცნეს, თუმცა შეხვედრის მთავარი თემა უცხოეთში მყოფი ქართველების რთული მდგომარეობა იყო. ევროპის ქალაქებში მყოფ ქართველებს აინტერესებთ რატომ უშლით ხელისუფლება მათ სხვა ქვეყნებში ცხოვრებას. მიხეილ სააკაშვილმა მათ მიმართ დისკრიმინაციასა და ელექტრონული წესით არჩევნების მნიშვნელობაზე ილაპარაკა.
ემიგრანტები წუხილს გამოთქვამენ, რომ ევროპაში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აღარ აქტიურობენ საქართველოს ოკუპაციის თემასთან დაკავშირებით და ამ საკითხმა აქტუალობა დაკარგა. ამიტომ ორგანიზაციამ "ერთად სახლში" აქცია წამოიწყო. მათ დაწერეს წერილი რუსეთის ოკუპაციის შედეგებზე და სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში რუსეთის საელჩოებს გაუგზავნეს.
ამავე შეხვედრაზე ქართველმა ემიგრანტმა პირველად გაასაჯაროვა წერილი, რომელიც მას ლიეჟში მიხეილ სააკაშვილთან ემიგრანტების შეხვედრის წინ მისწერეს. ოთარ მოწონელიძემ ბერლინში შეხვედრაზე თქვა, რომ მას "ფეისბუქით" დაუკავშირდნენ და 150 ევროს სანაცვლოდ ლიეჟში ჩასვლას და მიხეილ სააკაშვილისთვის შეხვედრის ჩაშლას შესთავაზეს.
ემიგრანტებს ევროპულ ქალაქებში შეხვედრებს და აქციებს აგრძელებენ. მიხეილ სააკაშვილთან შემდეგი შეხვედრა მიუნხენში დაიგეგმა.