17 ნოემბერი 2024,   18:14
ვრცლად
გიორგი გახარიასა და პანკისის ხეობის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა

შს მინისტრისა და პანკისის ხეობის მოსახლეობის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. შეხვედრა კახეთის პოლიციის მთავარ სამმართველოში შედგა. შეხვედრის მონაწილეები ამბობენ, რომ მათ გიორგი გახარიამ უთხრა, რომ თუ კი შეტაკებების დროს, რომელიმე პოლიციელი დაშავდებოდა, დამნაშავეები უმკაცრესად დაისჯებოდნენ.

შეხვედრა პანკისის მოსახლეობის წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. ისინი ამბობდნენ, რომ შეხვედრაზე განხილვის თემა ჰესის მშენებლობა უნდა ყოფილიყო, თუმცა გიორგი გახარიასგან მათ მოისმინეს მხოლოდ ის, რომ აქციის მონაწილეები დაისჯებიან.

თავად შს მინისტრმა შენობა უკომენტაროდ დატოვა. 

მშენებლობას პანკისში კომპანია "ფერი" აწარმოებს. კომპანიის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მას შეაგვიანდა შეხვედრაზე და თქვა, რომ შს მინისტრი გაიქცა და ვერ შეძლო მისთვის კითხვები დაესვა. კომპანიის დირექტორი იმასაც ამბობს, რომ თუ კი ხეობის რომელიმე წარმომადგენელი არგუმენტირებულ დასკვნას წარადგენს, რის გამოც ადგილზე ჰესის მშენებლობა არ შეიძლება, ის მზად არის უკან დაიხიოს.

პანკისის ხეობაში, მდ. ალაზანზე მესამე ჰესის „ხადორ სამის“ მშენებლობა დღეს დაიწყო. ჰესი სოფელ ბირკიანში, დასახლებული პუნქტიდან რამდენიმე მეტრში განთავსდება. ჰესისთვის წყლის მიწოდება მოხდება „ხადორი ორის“ გამყვანი არხიდან და მდინარის ალაზნის ნაწილი უნდა მოექცეს სპეციალურ მილებში. მოსახლეობა თვლის, რომ ეს ჰესი მათთვის საფრთხის შემცველია.

დღის ამბები