21 აპრილს პანკისში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით პანკისის სახალხო კრების მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებას მისი წევრები და ადგილობრივები განმარტავენ. მათი თქმით, ძალზე მნიშვნელოვანია თანამშრომლობის ახალი ეტაპის დასაწყებად მოსახლეობასთან შეხვედრები დროულად დაიწყოს.
იმის მიუხედავად, რომ განცხადებაში პროცესის განსამუხტად შინაგან საქმეთა მინისტრის როლზე ყურადღებაა გამახვილებული, პანკისელები ამბობენ, რომ ეს გახარიას სპეცდანაყოფის ხეობაში შეყვანის პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს. უცვლელი რჩება ადგილობრივების პოზიცია ჰესებთან დაკავშირებითაც.
"ჩვენ არ ვამართლებთ სახელმწიფოს მხრიდან ქმედებას, სპეცრაზმის შემოყვანას და ასევე ვართ თვითკრიტკული და ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მოსახლეობის მხრიდან ძალადობრივი მეთოდების გამოყენება გამოხატვის ფორმებში იყო დიდი შეცდომა,"-ამბობს პანკისის ხეობის მცხოვრები რამზან მარგოშვილი.