კაფე-ბარ „სავანეს“ მფლობელები ქუთაისის მერიის წინააღმდეგ პერმანენტულ აქციებს აანონსებენ. მათი განცხადებით, პროტესტი იქამდე გაგრძელდება, სანამ მათი მოთხოვნა ქალაქის ცენტრალურ ბაღში არსებული კაფის კანონიერად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდება.
„სავანეს" ადვოკატი ქუთაისის მერიის თანამშრომლებს დანაშაულებრივად ტერიტორიის მითვისებისა და არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებს.
„მერია დანაშაულებრივი გზით ცდილობს, ჩვენი ქონების წართმევას. გვაქვს ეჭვები, რომ მათ ამ ტერიტორიის გაყიდვა სურთ," - განაცხადა „სავანეს“ მფლობელმა, გიორგი ტურაბელიძემ.
„სავანეს“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს კაფეს მფლობელები ხვალ ბამბუკებით, სიმბოლურად, გააპროტესტებენ. მათი თქმით, რადგან ქუთაისის მერია აცხადებს, რომ მფლობელებმა წლების წინ მხოლოდ ბამბუკის ნაგებობა შეისყიდეს, რაც მათ იმ მიწის საკუთღების უფლებას არ აძლევს, სადაც კაფე მდებარეობს. „სავანეს“ მფლობელები ორმაისობის დღესასწაულზე ქუთაისის მერიასთან ბამბუკებს მიიტანენ.
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ მიწის ნაკვეთი მათ ბალანსზეა. მათი თქმით, მიწის ნაკვეთი მერიას მხოლოდ იჯარის ფორმით შეიძლებოდა გაეცა. თვითმმართველობის წარმომადგენლები „სავანეს“ მფლობელებს იჯარის გადახდას ახლაც სთავაზობენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ამბობენ, რომ მიწას აუქციონზე გაიტანენ. კაფეს მფლობელები მერიის შეთავაზებაზე უარს აცხადებენ.