17 ნოემბერი 2024,   17:54
ვრცლად
17 მაისს საპატრიარქო მრევლს ოჯახის სიწმინდის დღისადმი კონცერტზე ეპატიჟება - მომღერლების ნაწილმა მონაწილეობაზე უარი თქვა

ჩვენი ოჯახი - ჩვენი ღირსებაა! - ამ ლოზუნგით ეკლესია მრევლს 17 მაისს სამების ეზოში ეპატიჟება, სადაც ქართველი მომღერლების გალაკონცერტი უნდა გაიმართოს. უკვე დარიგდა ის მოსაწვევები, რომლითაც საპატრიარქო მრევლს გალაკონცერტზე იწვევს.

შემსრულებლების უმრავლესობას „კურიერი“ დაუკავშირდა. მათი თქმით, საპატრიარქოდან დაურეკეს, მაგრამ არ იციან, რატომ მოხვდნენ მოსაწვევ ბარათზე, როდესაც 17 მაისს ჩანიშნულ კონცერტზე გამოსვლის თანხმობა არ მიუციათ. შემსრულებლების განცხადებით, უარის მთავარი მიზეზი უკვე დიდი ხნით ადრე დაგეგმილი ღონისძიებებია.

მომღერალმა თამრიკო ჭოხონელიძემ პირველად „კურიერთან“ გააჟღერა, რომ საპატრიარქოს მიერ 17 მაისს დაგეგმილ კონცერტს არ შეუერთდება. მისი თქმით, საზოგადოების წარმომადგენლებს შორის დაპირისპირებას ის კატეგორიულად ემიჯნება.

კიდევ ერთ შემსრულებელს მოსაწვევიდან 17 მაისს გასტროლი აქვს. ნინო ქათამაძის გარშემო აჟიოტაჟს მისი მეგობარი ნიკა რაჭველი სოციალური ქსელით გამოეხმაურა. მან საზოგადოებას დეტალურად განუმარტა თუ რა მიზეზით თქვა უარი შემსრულებელმა საპატრიარქოს მიერ ორგანიზებულ კონცერტში მონაწილეობაზე.

17 მაისს ოჯახის სიწმინდის დაცვის დღეს სამების ეზოში „ალილო“ იმღერებს. კონცერტის ორგანიზატორი მოსაწვევებზე შემსრულებელთა ჩამონათვალს ტექნიკურ ხარვეზს უკავშირებს. კოტე სვანაძე ამბობს, რომ საორგანიზაციო ჯგუფმა მონაწილეებთან მოლაპარაკებების პარალელურად დაბეჭდა და გაავრცელა ფლაერები.

სამების ეზოში 17 მაისს დაგეგმილ კონცერტში მონაწილეობის გამო ქართველ შემსრულებლებს მესამე სექტორი აკრიტიკებს. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ საპატრიარქო მოპარული დღის აღნიშვნით სიძულვილის გავრცელებაში მონაწილეობს.

17 მაისი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ოჯახის სიწმინდის დღედ 17 მაისი საპატრიარქომ მას შემდეგ გამოაცხადა, რაც მრევლის ნაწილმა რუსთაველის გამზირზე ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციის გამართვის უფლება ლგბტ თემის უფლებადამცველებს არ მისცა. 

დღის ამბები