17 ნოემბერი 2024,   17:53
ვრცლად
მიუღებელია, როდესაც გამოხატვის თავისუფლება არ დაიცვა მედიასაშუალებამ - მესამე სექტორი მაია სტეფნაძის განცხადებას აფასებს

პროდიუსერ მაია სტეფნაძის განცხადებას, რომ ის ტელეკომპანია „იმედიდან“ Facebook პოსტის გამო გაათავისუფლეს, მესამე სექტორის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. სტეფნაძემ კონსულტაციების გავლა უკვე დაიწყო იურისტებთან. ის შეხვდა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლებს. მაია სტეფნაძე ამ წუთებში "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ხელმძღვანელობას ხვდება.

მედიაექსპერტების თქმით, დაუშვებელია, როდესაც ჟურნალისტის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცული არ არის.

„როდესაც ჟურნალისტს საკუთარი გამოხატვის გამო სამსახურიდან ათავისუფლებენ, ეს არის სამოქალაქო საზოგადოების ინტერესის საგანი. ჩვენ შევეცდებით, გავარკვიოთ, რეალურად რა მოხდა. მეტი დეტალი ამ წუთას არ გვაქვს, რაც თავად მაია სტეფნაძემ თქვა. ჩემი აზრით, ეს არის სრულიად მიუღებელი და წარმოუდგენელი, როდესაც შეიძლება გამოხატვის თავისუფლება არ დაიცვას თავად მედიასაშუალებამ,“ - განაცხადა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნატა ძველიშვილმა.

მესამე სექტორის წარმომადგენლების თქმით, განსაკუთრებით სახიფათოა, როდესაც მედიის ხელმძღვანელმა აზრის გამოხატვის გამო სამსახურიდან თანამშრომელი გაათავისუფლოს.

„ერთი მხრივ, ამ ტიპის გადაწყვეტილებები შეიძლება საგანგაშო იყოს, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია, რა წინაპირობები არსებობდა მთელ ამ პროცესში. გვახსოვს ტელეკომპანია „იბერიას“ ჟურნალისტების საქმეები, საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გაურკვევლ პირობებში გათავისუფლებული ჟურნალისტის საქმე. თუ ეს მხოლოდ დაკავშირებულია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო გათავისუფლებას და საუბარი იმაზე, რომ ეს არ ემთხვევა არხის პოზიციას, ეს უფრო მეტად შემაშფოთებელია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს,“ - განაცხადა „საქართველოს იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ.

მედიაექსპერტების თქმით, სამწუხარო ფაქტია მედიაში პოლიტიკური გავლენების არსებობა.

„ის, რაც გვესმის, ეს არის სწორედ პოლიტიკური გავლენები მედიაში, სამწუხაროა. პოლიტიკის გამო, არ უნდა ზიანდებოდნენ ადამიანები, რომლებიც მედიაში მუშაობენ,“ - განაცხადა ფონდ „ლიბერალური აკადემია თბილისის“ დირექტორმა, ლაშა ტუღუშმა.

პროდიუსერი, მაია სტეფნაძე აცხადებს, ტელეკომპანია „იმედიდან“ Facebook პოსტის გამო გაათავისუფლეს. მისი თქმით, სამსახურიდან გაშვების მიზეზი სოციალურ ქსელში გაკეთებული ის განცხადება გახდა, სადაც მაია სტეფნაძე ხელისუფლებას პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის გამო აკრიტიკებდა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები