კიდევ ერთი სპორტული სკანდალი, ამჯერად ძალოსნობის ფედერაციაში - ძალოსანი ქალი თათია ლორთქიფანიძე ნაკრების მთავარ მწვრთნელს სექსუალურ შევიწროებაში, ხოლო ფედერაციას დისკრიმინაციაში ადანაშაულებს. ლორთქიფანიძე ფაქტზე რეაგირებას და მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს.
„თემური ჯანჯღავა შემოვიდა ჩემთან ოთახში და თავიდან დაინტერესდა იმ კითხვით მე თუ ვიყავი ორსულად. როდესაც მან მიიღო უარყოფითი პასუხი, მე ნამდვილად ძალიან შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი და ამასთანავე მოგვიანებით, საღამოს საათებში მითხრა ისიც, რომ "მაზს წაგისმევო საზარდულის არეშიო." ჩემთვის ძალიან შეურაცხმყოფელი იყო. მეთქი "მასეთი რაღაც როგორ უნდა იკადროთქო." მითუმეტეს მაგის მერე კიდევ იყო შემთხვევა, რომ კაცის თემა იყო: "მეგობარი მამაკაცი ხომ არ გჭირდებაო." ოთახიდან რომ გავიდა იმ წამსვე ჩემს ტრენერს დავურეკე, მეგობარსაც დავურეკე და საქმის კურსში მყავდა ჩაყენებული, რომ ასეთი რაღაც ჩემთვის მიუღებელი იყო. მინდოდა დახმარება და მოგვიანებით თბილისში როდესაც დავბრუნდი შეკრებიდან უკვე მამასაც გავუმხილე,“-განაცხადა თათია ლორთქიფანიძემ.
თათია ლორთქიფანიძის უფლებებს იურისტი ბაია პატარაია იცავს. ის აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც სპორტსმენმა სექსუალური შევიწროების შესახებ ძალოსნობის ეროვნულ ფედერაციას შეატყობინა, ის ჩემპიონატიდან მოხსნეს.
„ძალოსან ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი სექსუალურ შევიწროებას ახორციელებდა მის მიმართ. თათიამ სცადა საკუთარი უფლებების დაცვა თვითონ ფედერაციაში. განაცხადა ამ პრობლემები შესახებ. ესაუბრა ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტსაც და პირადი მწვრთნელიც საქმეში იყო ჩართული. მაგრამ სამწუხაროდ მათი მხრიდან არანაირი სწორი რეაგირება ამას არ მოჰყოლია. უფრო მეტიც, ამის შემდეგ სრულიად გაურკვეველი მიზეზების გამო თათია მოულოდნელად ჩაიხნსა ჩემპიონატიდან, რომელიც მას ძალიან სჭირდებოდა სამომავლო კარიერისთვის, მათშორის ლიცენზიის მიღებისთვის და ამის შედეგად მას მიადგა როგორც მორალური, ასევე მატერიალური ზიანი,“-განაცხადა ბაია პატარაიამ.