17 ნოემბერი 2024,   17:55
ვრცლად
რეპრესირებულთა ნეშტები ბათუმის მახლობლად - საბჭოთა არმიის ყოფილ სატანკო ბაზაზე სამარხი აღმოაჩინეს

ახალი სამარხი და ათობით ადამიანის ნეშტი ბათუმის მახლობლად - საბჭოთა არმიის ყოფილ სატანკო ბაზაზე სავარაუდოდ, კომუნისტური რეჟიმის მსხვერპლთა კიდევ ერთი მასშტაბური ამ დრომდე უცნობი სამარხი აღმოაჩინეს. სამარხი იმავე ადგილზეა, სადაც რამდენიმე კვირის წინ 150 ადამიანის ნეშტს საერთო სასაფლაოს მოაკვლიეს. გათხრებს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია აწარმოებს.

სპეციალისტები ამბობენ, რომ ნეშტები შესაძლოა, 1937-1938 წლებში დახვრეტილებს ეკუთვნოდეთ, მათ მოსაზრებას სამარხში ნაპოვნი 1935 წელს გამოშვებული მონეტებიც ამყარებს.

ისტორიკოსებით, მთავრობის წევრებითა და სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა საბჭომ უნდა გადაწყვიტოს, როდის, რა ვითარებაში და სად დაკრძალავენ რეპრესირებულებს.

რეპრესირებულთა უმრავლესობა მუსლიმი თემის წარმომადგენელი იყო. მათი შთამომავლები ითხოვენ, რომ ყველა ნეშტს აუცილებლად ჩაუტარდეს დნმ-ის კვლევა და რეპრესირებულები ისეთ ადგილას დაიკრძალონ, სადაც რაიმე სახის რელიგიური სიმბოლიკა არ დაიდგმება.

სატანკო ბაზაზე დახვრეტილი ქართველების ნეშტები ბათუმის ღვთისმშობლის ტაძარის სარდაფშია დასვენებული.

 

ავტორი: თეა ვაშალომიძე

დღის ამბები