საქართველო-რუსეთის საზღვართან კილომეტრიანი რიგებია. უკვე მესამე დღეა, რუსეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე გადმოსვლის მსურველები ღამეს ქუჩაში ათევენ. ცოტა ხნის წინ „კურიერმა“ მიიღო პირველი კადრები ლარისიდან, სადაც ჩანს, რომ ლარსის საგუშაგოსთან რიგი სოფელ ჩმიდან იწყება.
რუსეთის მოქალაქეები უკვე სამი დღეა, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთას ვერ ახერხებენ და ახსნა-განმარტებას ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვენ თუმცა მათ არავინ პასუხობს თუ რატომ არ ატარებენ რუსი მესაზღვრეები საქართველოში.
ლარსის საზღვარზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ვიდეომასალა რუსმა ტურისტებმა გაავრცელეს. ტურისტები მოსკოვიდან, სტავროპოლიდან, კრასნოდარიდან, ლიცეკიდან და სხვა ქალაქებიდან, ბავშვებთან ერთად, საზღვრამდე მისვლას ელოდებიან. ისინი, ვინც რიგებს ვერ უძლებს, უკან ტრიალდება, ზოგი კი საზღვრამდე ფეხით მისვლასაც ცდილობს.
„წლებია, ამ გზაზე დავდივარ. ძალიან მიყვარს საქართველო, მაგრამ აქ მუდმივად პრობლემა და რიგებია, განსაკუთრებით ამ სეზონსა და ზაფხულში. მესამე დღეა, ხალხი ბავშვებით მანქანებში ათევს ღამეს,“ - განაცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ.
რუსეთის საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში არ განმარტავენ, რატომ არ ატარებენ რუსეთის მოქალქეებს საქართველოს მიმართულებით. მათი თქმით, ვისაც საქართველოში დასვენება სურს, შეუძლია აირჩიოს გემი ბათუმამდე ან თვითმფრინავით გამოფრინდეს.
„ჩვენ გამართულად ვმუშაობთ. მობილიზებულია ყველა ცვლის თანამშრომელი. წინასწარ ვიცოდით, რომ დღესასწაულზე ტურისტების დიდი ნაკადი იქნებოდა. სამწუხაროდ, ქართული მხარე არ აღმოჩნდა მზად ამხელა ნაკადის მისაღებად,“ - განაცხადა რუსმა მესაზღვრემ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში „კურიერს“ განუმარტეს, რომ ჩვენი ქვეყნის მხრიდან არანაირი შეზღუდვა არ არის დაწესებული.