კინო რუსთაველის შენობაში შესაძლოა, სასტუმრო აშენდეს, რაც სართულების რაოდენობის ზრდასა და იერსახის დამახინჯებას გამოიწვევს - ამ გეგმის შესაძლო განვითარება მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა და სამოქალაქო აქტივისტებმა გააპროტესტეს.
ისტორიკოსმა გრიგოლ გეგელიამ საგანგებო განცხადება, მომხრეებთან ერთად, კინოთეატრის წინ გააკეთა.
მისი თქმით, ხელისუფლება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გასხვისებას და მისთვის ფუნქციის შეცვლას აპირებს. გეგელიას თქმით, კინოთეატრის ადგილზე შესაძლოა, სასტუმრო აშენდეს, რაც სართულების დამატებას გამოიწვევს და შენობის იერსახე დამახინჯდება.
მისი განმარტებით, დაახლოებით, 2 თვის წინ თბილისის მერიის არქიტექტურის საბჭოში შენობის მფლობელმა კომპანიამ შეიტანა პროექტი, რომლის მიხედვით, უნდა გაკეთებულიყო სასტუმრო კინოს ხაზით. ცნობილია, რომ პროქტი არქიტექტურის საბჭომ არ დაამტკიცა.
მთაწმინდის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატის თქმით, კომპანია ცდილობს, შენობა ბიზნესის თვალსაზრით მომგებიანი გახდეს, რაც შენობის კულტურული დანიშნულებისთვის მიუღებელი იქნება. გრიგოლ გეგელიას კი აქვს ინიციატივა, რომ ტერიტორიაზე მუნიციპალური კინოთეატრი გაკეთდეს.
„გვიცხადებენ, რომ განვითრების კონცეფცია, თურმე, ჯერ კიდევ არ არსებობს მაშინ, როდესაც ორი თვის წინ ვისმენდით, რომ არსებობს კონცეფცია, რაც იყო სასტუმრო კინოს ხაზით. ეს რას ნიშნავს, ღმერთმა უწყის. ჩვენ უკვე ძალიან ვღელავთ და გვეშინია, რომ აქაც იგივე მოხდება, რაც მოხდა იმელის შენობაში, რაც მოხდა ისტორიის ინსტიტუტის შემთხვევაში, მელიქიშვილზე, რაც მოხდა თოიძის შენობის შემთხვევაში. გამოვდივართ იდეით, რომ, თუკი ეს დეველოპერი ვერ ახერხებს, რომ თავის ეკონომიკურ ინტერესებს შეუხამოს აქ სოციალური პროექტის არსებობა და უნდა მაინცდამაინც სასტუმროს და მაღალი მოგების მქონე ბიზნესის წარმოება, შეუძლია, გაყიდოს ეს შენობა. დაე, შეიძინოს ეს შენობა სახელმწიფომ და ჩვენ გამოვდივართ იდეით, რომ აქ მოეწყოს მუნიციპალური კინო-თეატრი,“ - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
კინოთეატრ რუსთაველთან პროტესტი გუშინ მას შემდეგ დაიგეგმა, რაც შენობიდან გრანიტის ფილები ჩამოხსნეს და გავრცელდა ინფორმაცია, რომ შენობის დემონტაჟი იგეგმებოდა. სამოქალაქო აქტივისტების თქმით, ფილების ჩამოხსნისთვის რესტავრატორებს მერიის ნებართვა სჭირდებათ, რადგან ის იერსახის ცვლილებას იწვევს, თუმცა, მათ ნებართვა არ ჰქონიათ.
აქციის მონაწილეების საპასუხოდ კინოთეატრ რუსთაველთან არქიტექტორები და რესტავრატორები მივიდნენ.
მათი თქმით, ჩამოყალიბებული პროექტი, აქ იქნება სასტუმრო თუ სხვა ობიექტი, ჯერ არ არსებობს.
კომპანიის წარმომადგენლები არ უარყოფენ, რომ შესაძლოა, სასტუმრო აშენდეს, რამაც შესაძლოა, სართულების რაოდენობის გაზრდა გამოიწვიოს. რესტავრატორების განცხადებით, ფილები შენობიდან 2 თვის წინ ჩამოიხსნა და მათ მერიისგან საგანგებო ნებართვა არ სჭირდებათ, რადგან ისინი შესწავლისთვის ჩამოიხსნა.