მოდის დედაქალაქად ქცეული თბილისი - უკვე მეხუთე დღეა Mercedes Benz-ის მოდის კვირეული მიმდინარეობს. 43 ქართველი და უცხოელი დიზაინერი საკუთარ შემოქმედებას წარადგენს.
დიზაინერების უმრავლესობამ თავისი კოლექციები უკვე წარადგინა, მათ შორის არიან საერთაშორისოდ აღიარებული ქართველი დიზაინერები. წელს, თბილისში პოდიუმად ბევრი ადგილი იქცა. დიზაინერებმა საკუთარი კოლექციის წარსადგენად სხვადასხვა ლოკაციები აირჩიეს.
დღეს კი მოდის კვირეულს ოპერისა და ბალეტის თეატრი მასპინძლობს, სადაც დათუნა სულიკაშვილის ჩვენება იმართება. ბალერონებმა და ბალერინება დათუნა სულიკაშვილის სამოსი მოირგეს, ჩვენებას კი ლეგენდარული ნინო ანანიაშვილი დახურავს. დიზაინერის თქმით, ჩვენებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდა.
„საკმაოდ ბევრი დიზაინერი აღმოჩნდა საქართველოში, რომელსაც აქვს იმის პოტენციალი, რომ მსოფლიო ბაზარზე აქტიურად გავიდეს. სასიამოვნო ფაქტია ის, რომ ქართველი დიზაინერები უკვე აქტიურად იყიდებიან ისეთ წამყვან მაღაზიებში, როგორიც არის „ნეტაპორტე,“ „ბრაუნსი.“ თანდათან გამოიკვეთა ის, რომ ქართველებს თურმე შესძლებიათ, რომ გააკეთონ მოდა,“ - აცხადებს სოფო ჭყონია.
ქართველი დიზაინერების სამოსით უცხოელი სტუმრები აქტიურად დაინტერესდნენ.
„იაპონიაში ქართველი დიზაინერები იყვნენ ჩამოსულები, ძალიან მომეწონა მათი ნამუშევრები და გადავწყვიტე მოდის კვირეულზე ჩამოსვლა. აღფრთოვანებული ვარ ქართველი დიზაინერებით, ვფიქრობ მათ დიდი პოტენციალი აქვთ“ - ამბობს ერთ-ერთი ბაიერი, იუკო იოშიმურა.
ავტორი: რუსკა გიორგაძე .