ინტერნეტ ბოტების გააქტიურებას, რომლებიც მალხაზ მაჩალიკაშვილს იმ სპეცრაზმელის შესახებ აწვდიან ინფორმაციას, რომელმაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილს ესროლა, ელისო კილაძე ეხმაურება.
გაზეთ "ქრონიკა პლუსის" რედაქტორი აცხადებს, რომ მიზანმიმართული კამპანია მაჩალიკაშვილების ოჯახის წინააღმდეგ ბოლო ერთი კვირაა დაიწყო. კილაძე ვარაუდობს, რომ ამ ყველაფრის უკან სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი დგას. ჟურნალისტის თქმით, პროცესში აქტიურად არიან ჩართული სოსო გოგაშვილის ოჯახის წევრებიც.
"ქრონიკა პლიუსის" რედაქტორი აცხადებს, რომ გოგაშვილის ტროლები პირდაპირ ასახელებენ სუს-ის ანტიტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილეს პაატა ჯაჭვაძეს, რომ მან ესროლა თემირლან მაჩალიკაშვილს. ელისო კილაძის თქმით, ერთის მხრივ ინტერნეტ ბოტების გააქტიურების მიზანია მაჩალიკაშვილის პროვოცირება, რათა სუს-მა შემდეგ მისი დაკავება შეძლოს და მეორეს მხრივ სუს-ის ცდილობს პანკისში არეულობის შეტანას.
„მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია ქისტებთან ეთნიკური და რელიგიური შუღლის გასაღვივებლად. განსაკუთრებით მძიმეა მალხაზ მაჩალიკაშვილისთვის, როდესაც მას უხსენებენ თემირლანს, მის მეუღლეს, თემირლანის დას და ბებიას. ანუ რა ხდება, ამ საქმეში ამ ხალხთან ერთად ჩართულია გოგაშვილის ოჯახის წევრები. კონკრეტულად მისი მეუღლე თეა მარტყოფლიშვილი, რომელიც ახლა გამოჩნდა სოციალურ ქსელში, მისი ქალიშვილი ნინო გოგაშვილი. ერთი სატანას ეძახის მალხაზ მაჩალიკაშვილს და მეორე ნაძირალას. ეს კამპანია მიზნად ისახავს მალხაზ მაჩალიკაშვილის პროვოცირებას, წამოკიდებას მძიმე დანაშაულზე, რომ მან ვერ გაუძლოს ამ ფსიქოლოგიურ ზეწოლას, დაემუქროს გოგაშვილის, მისი ოჯახის წევრებს და ა.შ. მალხაზ მაჩალიკაშვილს დაუსახელეს იმ სპეცრაზმელის ვინაობა, რომელმაც მოახდინა მისი შვილის ლიკვიდაცია. ეს მაშინვე პროვოკაცია იყო, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი გადაწყვეტდა შურისძიებას და ეს სპეცრაზმელი გახადეს პირდაპირი სამიზნე ქისტების. მაგრამ მაშინ, ეს რა თქმა უნდა ასე არ მოხდა და ამჯერად ტროლების მეშვეობით ირაკლი ზაქარეიშვილის გვერდზე სოსო გოგაშვილმა დაასახელა სპეცოპერაციაში მონაწილე ერთი პირის ვინაობა საჯაროდ და ეს პირი გახლავთ სუს-ის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, ანტიტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილე,“-განაცხადა ელისო კილაძემ.