სამართალდამცველებისა და ადგილობრივი მოსახლეობის შეტაკების შემდეგ, პანკისში მოლაპარაკებების პირველი რაუნდი იმართება. ხეობის მაცხოვრებლები ამ წუთებში, შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრს ხვდებიან.
ადგილობრივები, შეხვედრის დაწყების წინ აცხადებდნენ, რომ მათი მთავარი შეკითხვები 21 აპრილს, პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს შეეხება. როგორც ისინი ამბობენ, მთავარი პრობლემა მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის კომუნიკაციის ნაკლებობა იყო.
„ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ყველას აწუხებს დღეს ხეობაში, ეს არის 21 აპრილის მოვლენები... აღძრულ მუხლთან დაკავშირებითაც გვექნება საუბარი და მაქსიმალურად დავუბრუნდეთ 21 აპრილამდელ სიტუაციას, როცა ჩვენ გვქონდა არა ძალადობრივი და არა შიშის ქვეშ საუბრები. ახლა ყოველდღე სიტუაცია ისეთია, რომ არ ვიცით როდის დაიწყება რეპრესიული პოლიტიკა“ - აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი, სულხან ბორძიკაშვილი.
უხუცესები აცხადებენ, რომ ვიდრე ვითარება არ დასტაბილურდება ვითარება, სამომავლო გეგმებზე ხელისუფლების წარმომადგენლებთან არანაირი მოლაპარაკება არ შედგება.
„სანამ არ მოგვარდება ეს კრიზისი, მანამდე არავითარ არც განსახილველ პროექტებზე, არც რაიმე ურთიერთობებზე ჩვენ მსჯელობა არ გვექნება, იმიტომ რომ ჩვენ როდესაც გარკვეული არ გვაქვს ჩვენი ახალგაზრდების მომავალი, როგორი იქნება ხვალინდელი დღე, ეს სხვა რამეზე სალაპარაკოდ ჩვენ მზად არ ვართ,“ - აცხადებს უხუცესი, თამაზ ბაღაკაშვილი.
პანკისის მოსახლეობის თქმით, ხელისუფლებამ ფაქტობრივად პანკისის ხეობაში დაშვებული შეცდომა აღიარა. პანკისის ხეობის მცხოვრებლების თქმით, ყველა ერთხმად თანხმდება, რომ ხეობაში ჰესი არ აშენდება.
„სახელმწიფომ აღიარა თავისი დანაშაული, შეცდომები, რომელიც სახელმწიფომ დაუშვა პანკისის ხეობასთან მიმართებაში. გარდა ამისა, ადგილობრივებიც, პანკისის ხეობის მცხოვრებლებიც, ჩვენი თავის მიმართ თვითკრიტიკულები ვართ, შეიძლებოდა 21 აპრილს მომხდარი ამ აქციის უფრო დემოკრატიულ ფორმებში წარმართვა“ - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი, ისლამ გორგიშვილი.
ავტორი: ია გულიაშვილი