17 ნოემბერი 2024,   17:43
ვრცლად
სტიქია კახეთში - კალაპოტიდან გადმოსულმა ალაზანმა გზა დატბორა, რის გამოც "კურიერი" სტიქიის ზონამდე ჩასვლას ვერ ახერხებს

სტიქია კახეთში - კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარე ალაზანიმა საავტომობილო გზა დატბორა. წნორი-ლაგოდეხის მიმართულებით მოძრაობა ჩაკეტილია. მაშველები წყალში ჩარჩენილი ავტომობილების გამოყვანას ცდილობენ.

მდინარე ალაზანში წყლის დონე ისევ მატულობს. წყლის სიმაღლე გზის სავალ ნაწილზე დაახლოებით ნახევარ მეტრს აღწევს.

„მუხლებამდეა წყალი, მსუბუქ მანქანებს არ უშვებენ. დიდი მანქანები დადიან,“-აცხადებენ მაშველები, რომლებიც ადგილზე მუშაობენ.

პირველ ეტაპზე შეზღუდვები მხოლოდ მსუბუქ ავტომობილებს დაუწესდათ თუმცა ერთი საათის წინ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ წნორი- ლაგოდეხის დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობა ყველა სახის ტრანსპორტისთვის აიკრძალოს.

გუშინდელი სტიქიის შემდეგ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მძიმე მდგომარეობაა. "კურიერის" გადამღები ჯგუფი სწორედ სტიქიის ზონაში ჩასვლას გეგმავდა თუმცა ადიდებული მდინარე ალაზნის შედეგად დატბორილი გზის გაგრძელება ვეღარ მოხერხდა. როგორც დაზარალებული სოფლების მცხოვრებლები სატელეფონო საუბარში ამბობენ, სტიქიის შედეგად დატბორილია მათი საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, განადგურებულია სავარგულები. ორი დღეა დაზარალებულები ითხოვენ, რომ მათთან სამაშველო სამსახური მივიდეს და წყლის ამოტუმბვის სამუშაოები დაიწყოს. თუმცა მათ პასუხობენ, რომ რეგიონში მაშველების საკმარისი რაოდენობა არ არის. 

დღის ამბები