17 ნოემბერი 2024,   17:57
ვრცლად
მალხაზ მაჩალიკაშვილი უსაფრთხოების სამსახურს პროვოკაციაში ადანაშაულებს და საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

მალხაზ მაჩალიკაშვილი უსაფრთხოების სამსახურს პროვოკაციაში ადანაშაულებს. მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამას იმ სპეცრაზმელის სახელი შეატყობინეს, ვინც სასიკვდილო გასროლა განახორციელა. მალხაზ მაჩალიკაშვილი დარწმუნებულია, რომ ამით სუს-ს მისი შურისძიებისკენ ბიძგება უნდოდა. ამ ფონზე მაჩალიკაშვილები უსაფრთხოების სამსახურს და პროკურატურას კიდევ ერთხელ უცხადებენ უნდობლობას.

ლოგინში ჩაცხრილული თემირლან მაჩალიკაშვილის დედას, ინტერნეტ ტროლმა სოციალურ ქსელში მისწერა, ვინ არის ადამიანი, ვინც მის შვილს საბედისწერო ტყვია ესროლა. იგივე პირი მედიკო მარგოშვილს ურჩევს, დაანებოს თავი სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო გოგაშვილის კრიტიკას, რადგან მას პანკისში სპეცოპერაცია არ ჩაუტარებია.

მალხაზ მაჩალიკაშვილი დარწმუნებულია, რომ პროვოკაცია მოუწყვეს, სპეცოპერაციის მეთაურის გვარის გასაჯაროვების შემდეგ ეგონათ, რომ შვილმოკლულ მამას ნერვები უმტყუნებდა, შურისძიებას გადაწყვეტდა, რაც მისი ციხეში ჩასმის საფუძველი გახდებოდა.

"ქრონიკა +"-ის რედაქტორი ამბობს, რომ სუს-მა თამაშის ყველა წესი დაარღვია და პოლიტიკურ ბრძოლისთვის ის სპეცრაზმელები გაწირა, ვინც დავალების შემსრულებელია.

ელისო კილაძის აზრით, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრია, ამ პროვოკაციით საკუთარი თავის გადარჩენას ცდილობს.

მაჩალიკაშვილების ოჯახი სამართალდამცველებს უნდობლობას უცხადებს და მისი შვილის საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. მოთხოვნა კომისიის შექმნაზე დღეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბიუროს სხდომაზე კიდევ ერთხელ დააყენა. საქმის საპარლამენტო შესწავლას და ფაქტების დადგენას მხარს უჭერს „ევროპული საქართველო.“

ოპოზიციას 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება იმისათვის, რომ კომისიამ მუშაობა დაიწყოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნას მხარი უმრავლესობის დეპუტატებმაც უნდა დაუჭირონ. „ქართული ოცნება“ კომისიის შექმნის წინააღმდეგია. უმრავლესობიდან წასული დეპუტატები კი პროკურატურისგან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიების შედეგების გაცნობას ითხოვენ.

დღის ბოლოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც საქმის გამოძიების დასრულებამდე კიდევ 2-თვიანი ვადა მოითხოვა.  საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე პარლამენტი სავარაუდოდ მომავალ კვირას იმსჯელებს. ხვალ მალხაზ მაჩალიკაშვილი ე.წ. მოდულის შენობაში დაკითხვაზეა დაბარებული, სადაც მისვლას არ აპირებს და აცხადებს, რომ რამადანის თვის დასრულებამდე სამართალდამცველებთან არ გამოცხადდება.

ავტორი: ია გულიაშვილი.

დღის ამბები