მოქმედი და ვეტერანი ჯარისკაცების ოჯახებს საცხოვრებელი სახლებიდან გამოსახლება ემუქრებათ. საუბარია 10 სამხედრო ოჯახზე, რომელიც 2013 წლის შემდეგ თვალჭრელიძის 2 ნომერში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, თვადაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით ცხოვრობს. საკუთარი ხელით მოაწესრიგეს ტერიტორია და გაიყვანეს წყალი და დენი.
შენობა კი 2015 წელს სახელმწიფომ კომპანია "ჯისიეი"-ს მიჰყიდა, ახლა კი კომპანიის წარმომადგენლები აღსრულების ბიუროსთან ერთად ჯარისკაცებს შენობის დატოვებას თხოვენ. კორპუსში გარდა ჯარისკაცებისა თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები ცხოვრობენ, რომლებიც ახლაც ავღანეთში მსახურობენ.
„ჩვენ ვიბრძოლეთ ჩვენი გულისთვის, ჩვენი ოჯახების გულისთვის, მაგრამ როდესაც მე სამშობლოს ვიცავდი და შენ მიწებს ყიდულობ, სად არის აქ მორალი? მე მეუბნები მერე და ჩემისთანა კატეგორია ხალხს, ჩემზე დიდი ღვაწლი აქვს აქ ბიჭებს მიღებული დღევანდელ ცხოვრებაში სამშობლოს დაცვისათვისა და სამშობლო ინტერესებისთვის. ამ ბიჭებს გვეუბნები გამოდი გარეთ და მე დავანგრევ და მერე ავაშენებ, 5-10 ლარს დაიმატებს თავის გამდიდრებასა და ჩვენ მშივრები ვიყოთ?,“ - ამბობს ვეტერანი.
ჯარისკაცების ოჯახების გამოსახლებას თბილისის საკრებულოს წევრი ლევან ხაბეიშვილი გამოეხმაურა. ენმ-ს წევრი თავდაცვის მინისტრზე ლევან იზორიაზე საუბრობს. ხაბეიშვილი ხელისუფლებას და მინისტრებს ბიუჯეტის თანხის გაფლანგვასა და სამხედროების უყურადღებობაში ადანაშაულებს.
„იზორია ბატონი მინისტრი და მინისტრის მოადგილეებმა მილიონობით ლარის ქონება შეიძინეს მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში. ის კი არა მინისტრი ამბობს, რომ თურმე ბინებს აქირავებს იმდენი ბინა იყიდა ხომ და ამ დროს მართლა მებრძოლი ადამიანები, მართლა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის შეწირული ხალხი, ფაქტობრივად ჯანმრთელობა რომ შეწირეს და ოჯახები რომ გაწირეს და იბრძოდნენ და იარაღი ხელში ეჭირათ ეუბნებიან ახლა, რომ შეხვედითო მაგ სახლში, რომ გააკეთეთო, რომ გაალამაზეთო და რომ ცხოვრობთო იქო, გამოდით ახლა მაქედანო და ე.ი. ქუჩაში იყავითო თქვენი შვილებითო, თქვენი ოჯახებითო და ჩვენო ჯიპებზეც ვისხდებითო, ბიუჯეტის ფულსაც შევჭამთო, ბინებსაც ვიყიდით და გავმდიდრდებით კიდეცო,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.