საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელი ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებას და მომღერლების უარზე ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება. კოტე სვანაძის თქმით, ინფორმაცია, რომელიც ცენტრის ტექნიკური პერსონალის მხრიდან არაოფიციალურად გავრცელდა, ზუსტი არ იყო.
საქმე ეხება მოსაწვევებზე შემსრულებელთა ჩამონათვალს, რომელთა ნაწილი კონცერტში მონაწილეობას ვერ ახერხებს. კონცერტის ორგანიზატორი მოსაწვევებზე შემსრულებელთა ჩამონათვალს ტექნიკურ ხარვეზს უკავშირებს.
კოტე სვანაძის განცხადებით, მოლაპარაკებები ჯერ დასრულებული არ არის და ვინ მიიღებს სამების საკათედრო ტაძრის ეზოში გამართულ კონცერტში მონაწილეობას, ჯერჯერობით უცნობია.
„ყველაფერი დაიგეგმა, რა თქმა უნდა, გარკვეული დროში და ის რაღაც უზუსტობა, რომელიც არაოფიციალური სახით გავრცელდა, ტექნიკური პერსონალის, ასე რომ ვთქვათ, შეცდომის გამო, გამოიწვია გარკვეული აჟიოტაჟი საზოგადოებაში. ის, რაც გავრცელდა ის ინფორმაცია, მონაწილეთა გარკვეული ჯგუფების შესახებ და მონაწილეების შესახებ, ჩვენ მათთან არ გვქონდა დასრულებული მოლაპარაკება, მათ აღმოჩნდა, რომ იმ პერიოდში, თბილისში ფიზიკურად არ იქნებიან“ - განაცხადა კოტე სვანაძემ.
ეკლესია მრევლს 17 მაისს სამების ეზოში ეპატიჟება, სადაც ქართველი მომღერლების გალაკონცერტი უნდა გაიმართოს. უკვე დარიგდა ის მოსაწვევები, რომლითაც საპატრიარქო მრევლს გალაკონცერტზე იწვევს.
17 მაისი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ოჯახის სიწმინდის დღედ 17 მაისი საპატრიარქომ მას შემდეგ გამოაცხადა, რაც მრევლის ნაწილმა რუსთაველის გამზირზე ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციის გამართვის უფლება ლგბტ თემის უფლებადამცველებს არ მისცა.