ხელისუფლების ბოლო და გადამწყვეტი შეტევა რუსთავი2-ზე ხელისუფლების დამარცხებით დასრულდება - ასეთია ჟურნალისტების და მედიამკვლევარების შეფასება არხის წინააღმდეგ დაწყებულ მორიგ შეტევაზე.
მედიაექსპერტები და ჟურნალისტები ამბობენ, რომ ყველაზე მძლავრი და კრიტიკული მედიაარხის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა საფრთხეს ქართულ დემოკრატიას უქმნის და ამიტომ მზად არიან, რუსთავი2 ფიზიკურადაც კი დაიცვან. ჟურნალისტები დარწმუნებულები არიან, რომ მედიასთან ომს ხელისუფლება ამჯერადაც წააგებს, უბრალოდ, ამ პროცესში ქვეყნის პროგრესი და განვითარება დაზარალდება.
ჟურნალისტებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ რუსთავი2-ის წინააღმდეგ ახალი შეტევა და სასამართლო სარჩელი ბიძინა ივანიშვილის დაკვეთილია. ამბობენ, რომ არხის მიერ მომზადებული კრიტიკული სიუჟეტები ქვეყანაში არსებული კორუფციის, ჩინოვნიკების გამდიდრების, ქვეყნის განვითარების ვექტორის შესახებ განსაკუთრებით აღიზიანებს ქვეყნის არაფორმალურ მმართველს და ამიტომ ოცნება ამას უპასუხოდ არ დატოვებდა.
რუსთავი2-ს მხარდაჭერას უცხადებს 11 გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციაც.
განცხადებაში, რომელიც მესამე სექტორის წარმომადგენლებმა გამოაქვეყნეს, პირდაპირ წერია, რომ თუკი რუსთავი2-ის სარედაქციო დამოუკიდებლობას საფრთხე შეექმნება, ეს დიდი დარტყმა იქნება მედიაპლურალიზმზე.
არასამთავრობო ორგანიზაციები არც იმას გამორიცხავენ, რომ ახალი სასამართლო პროცესი ხელისუფლების ტაქტიკა იყოს, რომ რუსთავი2 თავდაცვის რეჟიმზე გადავიდეს და სხვა აქტუალურ და მწვავე პრობლემებს ყურადღება ვეღარ დაუთმოს.
დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებს რუსთავი2-ის დირექტორი შეხვდა და არხის წინააღმდეგ დაწყებული ახალი კამპანიის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
ნიკა გვარამიას ასევე ჰქონდა შეხვედრები ამერიკის ელჩსა დ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელთან. ისინი რუსთავი2-ის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესებს ყურადღებით აკვირდებიან.
რუსთავი2-ის წინააღმდეგ ეს უკვე ხელისუფლების მეორე დიდი შეტევაა, პირველი ტალღა ტელეკომპანიამ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით მოიგერია.