საპარლამენტო უმრავლესობაში ევროკავშირის ელჩების მკაცრი წერილის არსებობას უარყოფენ. მმართველი პარტიის წევრები ამბობენ, რომ ევროკავშირის ელჩებისგან მათ მკაცრი შინაარსის რეკომენდაციები არ მიუღიათ და ოპოზიციას საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი აცხადებს, რომ საუბარია მხოლოდ ეუთოს რეკომენდაციებზე, რომელიც განხილულია და რეკომენდაციებზე მუშაობა მიმდინარეობს.
„ქალბატონმა სალომე სამადაშვილმა შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება, ასეთი განცხადება ელჩებს არ გამოუქვეყნებიათ. ვფიქრობ, თვითონ მინიმუმ, ორი თვით ჩამორჩება პოლიტიკურ მოვლენებს, იმიტომ რომ სინამდვილეში საქმე ეხება ეუთოს რეკომენდაციების, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გამოსცა ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიამ ჩვენ ეს რეკომენდაციები განვიხილეთ, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად უკვე შევხვდით დიპლომატიურ კორპუსს და ჩვენს ყველა ძირითად საერთაშორისო პარტნიორს.
"აპრეზიდენტო არჩევნებზე იყო მაღალი პოლარიზაცია. იყო ეს სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია, რაც მეტწილად სწორედ სალომე ზურაბიშვილის მიმართ იყო გამოყენებული. რა თქმა უნდა არის რეკომენდაციები, რომელიც ეხება საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებას, რომელიც ეხება ადმინისტრაციული რესურსის კონტროლს, არის პოლიტიკური მზადყოფნა და ამაზე მუშაობის პროცესი დაწყებულია,“-აცხადებს არჩილ თალაკვაძე.
იმავეს ამტკიცებს საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი ლიდერი. მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ოპოზიციას მმართველ გუნდზე თავდასხმისთვის თემა გამოელიათ და ამიტომ ორი თვის წინანდელ დოკუმენტზე დღეს თავიდან დაიწყეს საუბარი.
"ნაციონალურ მოძრაობას" დღეს დილით გაახსენდა ეტყობა, რომ არაფერი ჰქონდა ახალი ამბავი, რომ დაებრალებინა ხელისუფლებისთვის რაღაცა და ორი თვის წინანდელ ამბავს "აფდეითი" გაუკეთეს,"-ამბობს მდინარაძე.
მკაცრს წერილზე, რომელშიც ნათქვამია, რომ საარჩევნოდ ხმების ყიდვის პრაქტიკა უნდა აიკრძალოს და ეს კანონმა უნდა განსაზღვროს, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა ისაუბრა. წერილის შინაარსი კი "კურიერისთვის" გახდა ცნობილი.
დოკუმენტით ირკვევა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას მკაცრ მოთხოვნებს უყენებს. დოკუმენტში საუბარია ივანიშვილის პარტიისთვის, სხვადსხვა მაქინაციებით წინასაარჩევნოდ, რეკორდული ფულადი შემოწირულობების ჩარიცხვაზე. წერილში პირდაპირ წერია, რომ უნდა შეიცვალოს კანონი ისე, რომ მმართველმა გუნდმა ვეღარ მოახერხოს ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება, პედაგოგებზე და სხვა საჯარო მოხელეებზე ზეწოლა. ბრიუსელი თბილისისგან კატეგორიულად მოითხოვს, რომ კანონის გამკაცრების გზით შეუძლებელი გახდეს, ამომრჩევლის დაშინება და შურისძიება.