ეროვნული ვალუტა, ყოველ წუთს უფასურდება. თუ დაახლოებით ერთი საათის წინ, სავალუტო ჯიხურებში ერთი ამერიკული დოლარი, 2.74 ლარი ღირდა, ღირებულებამ ამ დროისთვის 2.75 ლარს მიაღწია.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ახალი გაცვლითი კურსის მიხედვით, ცვლილება 0.0136 ლარია და დოლარის ღირებულებად 2.7384 ლარი განისაზღვრა, თუმცა კომერციულ ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში კურსი გაცილებით მაღალია.
ლარი გაუფასურდა ევროსთან მიმართებაშიც. 1 ევროს ღირებულება კი 3.0665 ლარად განისაზღვრა.
ფინანსისტები ამბობენ, რომ ლარმა გაუფასურების ანტირეკორდი დაამყარა. სპეციალისტების განცხადებით, ეროვნული ვალუტა ასეთი დაუცველი არასოდეს ყოფილა.
„ესეთი დაუცველი და სუსტი, რომ არის ვალუტა და ესე, რომ არის დამოკიდებული რა მოხდება მეზობელ ქვეყნებში ეს იმის გამოა რომ ჩვენ არ გვაქვს კარგი, ჯანსაღი ეკონომიკური პოლიტიკა. პოლიტიკური ფაქტორები ძალიან მოქმედებს ვალუტაზე. თურქეთში რა ხდება?! პარალელურად აქ რა ხდება, რომ იმას ემატება, რომ აქ რაღაც შეტევებია მაგალითად "რუსთავი 2"-ზე. ჩვენ რას ვაკეთებთ, ჩვენზე რაც არის დამოკიდებული, იმას რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ძლიერი ლარი?-ვერაფერს. გვაქვს გაუგებარი ეკონომიკური პოლიტიკა. ვიღაც ეკონომიკური მინისტრები მოდიან მიდიან გაურკვეველი ხედვებით,“-განაცხადა გიგა ბედინეიშვილმა.
ეკონომისტების განცხადებით, ლარის გაუფასურებას რამდენიმე ფაქტორს უკავშირდება. მათ შორის არის მეზობელ სახელმწიფოში, თურქეთში ლირის დევალვაცია. თუმცა სპეციალისტები აცხადებენ, რომ ეკონომიკური გუნდის მიერ სწორი ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში, ზეწოლა ლარზე ასეთი მკვეთრი აღარ იქნებოდა.
„მიზეზი იმისი, რომ საქართველოს ეკონომიკა მნიშვნელოვნად რეაგირებს სამეზობლო ქვეყნებში იქნება თუ ზოგადად რეგიონში მიმდინარე ეკონომიკურ ცვლილებებზე არის ის, რომ თვითონ საქართველოს ეკონომიკა არ არის სწრაფად მზარდი და შესაბამისად არ წარმოადგენს რაიმე მნიშვნელოვანი ინვესტიციების შემოდინების წყაროს. ისეთი მოვლენები როგორც მაგალითად ახლა ლირასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ან თუ ზოგადად დოლარის გამყარება იქნება მსოფლიოს მასშტაბით, ყოველთვის ჩვენი ეკონომიკა იქნება მგრძნობიარე მსგავსი ცვლილებების მიმართ,“-განაცხადა გიორგი პაპავამ.
სპეციალისტების თქმით, შექმნილ ვითარებაში ეროვნულ ბანკს ეროვნული ვალუტის გაუფასურების თავიდან აცილება შეეძლო.
„მიუხედავად იმისა, მას შეეძლო ასე არ გაეუფასურებინა ანუ არ მოეხდინა დიდი რაოდენობით დოლარების შეძენა რეზერვებისათვის ეროვნულმა ბანკმა ეს გააკეთა. და ახლა უკვე კარგად მოგეხსენებათ დათბა და დაიწყო ინფრასტრუქტურული პროექტები. ინფრასტრუქტურული პროექტების დროს როგორც მოგეხსენებათ ტენდერში გამარჯვებულია ძირითადად უცხოური კომპანიები და ფულადი მასა იზრდება და ამ ფულადი მასის გატანა ხდება შემდეგ. უცხოურ კომპანიებს გააქვთ ეს ფული თავიანთ ქვეყნებში. რას უნდა ველოდოთ როდესაც მთავრობაში ეკონომიკის გაჯანსაღების კუთხით თითქმის არაფერი არ ხდება. გადართულია ფრაქციების დავა ერთმანეთთან და რაღაც გაურკვეველი სიტუაციები. დღეს დღეობით სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს და ეკონომიკური გუნდი ვერც ართმევს თავს იმ ამოცანას რასაც უნდა გაართვას,“-განაცხადა ნიკა შენგელიამ.