ეროვნული ვალუტის რეკორდულ გაუფასურებაზე პასუხისმგებლობას საპარლამენტო ოპოზიცია ეროვნულ ბანკს აკისრებს. როგორც ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე აცხადებს, სწორედ ეროვნული ბანკის მცდარმა ნაბიჯებმა უზრუნველყო ის, რომ ლარი რეკორდულ ნიშნულამდე გაუფასურდა. რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ეროვნული ბანკი ვერ აკეთებს პროგნოზებს, რის გამოც სულ უფრო მეტ შეცდომას უშვებს.
"ლარი ახლა არ უნდა უფასურდებოდეს, მაგრამ ეს არის პირდაპირ ეროვნული ბანკის შეცდომა და უკვე მერამდენეჯერ უშვებს იგი ამას, როდესაც არბილებს ფულად საკრედიტო პოლიტიკას. თავიანთი პროგნოზით ჰგონიათ რომ უკვე ჩავლილია ასე ვთქვათ კრიზისული ვითარება. ამცირებს რეფინანსირების განაკვეთს და გარდა ამისა ეწევა ინტერვენციებს და ყიდულობს ასე ვთქვათ რეზერვების გასაზრდელად დოლარებს და მიმოქცევაში უშვებს ლარს. ეს პირდაპირი სიგნალია იმისა, რომ რბილ ფულად საკრედიტო პოლიტიკას ეწევა ეროვნული ბანკი და შესაბამისად ვერ აკეთებს სხვადასხვა პროგნოზს,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.
ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობასა და "ქართული ოცნების" არასწორ პოლიტიკაზე საუბრობს ფრაქცია ”ევროპული საქართველო - რეგიონების” წევრიც. ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება პირდაპირ კავშირშია საბიუჯეტო სახსრების არასწორ ხარჯვასთან.
„ლარის ასეთი მერყეობა პირდაპირ კავშირშია იმ უყაირათო ხარჯვასთან რასაც აკეთებს „ქართული ოცნება“ მთელი ამ წლების განმავლობაში და რითაც ის ზედმეტ ფულს ართმევს ბიზნესს რომელმაც სამუშაო ადგილები უნდა შექმნას. და საბოლოო ჯამში თვითონ ფლანგავს, უყაირათოდ ხარჯავს, ხშირ შემთხვევაში კორუმპირებული ჩინოვნიკები უბრალოდ თავის კეთილდღეობისთვის იყენებენ იმ ფულს, რომელიც უნდა მოხმარდეს ხალხს. ამიტომ ლარის მდგომარეობა პირდაპირი ასახვა არის ქართული ოცნების მმართველობის,“-განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 1 დოლარის ღირებულება 2.7384 ლარია.
1 ევროს ღირებულება კი 3.0665 ლარად განისაზღვრა. ახალი კურსი ძალაში ხვალიდან შევა, თუმცა სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ღირებულება უკვე 2.75 ლარია.
გაცილებით მაღალია დოლარის კურსი კომერციულ ბანკებში. საქართველოს ბანკი 1 აშშ დოლარს 2.77 ლარად ყიდის, მაშინ როდესაც დოლარის ღირებულება გუშინ 2.73 თეთრს შეადგენდა.