მშენებარე კორპუსთან მიწის ჩამოშლამ მიმდებარე შენობები დააზიანა. შემთხვევის გამო მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საცხოვრებელი კორპუსებიდან მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო. გურამიშვილის 41 ნომერში მშენებარე კორპუსთან მიწა ღამის 2 საათზე ჩამოიშალა.
საბჭოთა პერიოდში აშენებული კორპუსის საძირკველი, სავარაუდოდ, ახალმა მშენებლობამ დააზიანა, რის გამოც დღეს გამთენიისას ევაკუაცია გამოცხადდა და ცხრა სართულიანი შენობიდან 36 ოჯახი გამოიყვანეს.
მშენებლობას, რომელმაც წლების წინ აშენებული კორპუსი დააზიანა, მოსახლეობა თვეებია, აპროტესტებს. მათ მერიას მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა მერიამ ამხანაგობა ”სთრონგ ჰაუსს” მშენებლობის ნებართვა მისცა.
გურამიშვილის 41 ნომერში მიწის გატანა ერთი თვის წინ დაიწყო. მოსახლეობა ამბობს, რომ მძიმე ტექნიკამ მთის ქანის დამცავი ბეტონის სარტყელი დააზიანა, რამაც მიწის მასის ჩამოშლა გამოიწვია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების მიერ მომზადებული დოკუმენტის მიხედვით, ამხანაგობა მშენებლობას დარღვევით აწარმოებდა, მათ შორის სამშენებლო სამუშაოებმა გაზის მილის დეფორმაციაც გამოიწვია. დასკვნის საფუძველზე მერიის ინსპექტირების სამსახურმა მშენებლობა დროებით შეაჩერა. სამუშაოების განახლება დღეიდან იგეგმებოდა.
მოსახლეობა მშენებლობის გაგრძელების წინააღმდეგია. სამშენებლო კომპანია კი ამბობს, რომ ყველა ნებართვა კანონის დაცვით მოიპოვა და მიწის ჩამოშლა არა მათმა შეცდომამ, არამედ უხვმა ნალექმა გამოიწვია. ამხანაგობა „სთრონგ ჰაუსი“ 10 სართულიანი კორპუსის აშენებას გეგმავს.