17 ნოემბერი 2024,   17:52
ვრცლად
"სტიკერის "რუსეთი ოკუპანტია" გამოყენება კანონით თუ ისჯებოდა, არ ვიცოდი" - ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრი

თბილისში პრორუსული ძალების დემონსტრაციული მარში ოთხი პირის დაკავებით დასრულდა. ე.წ. უკვდავი პოლკის მსვლელობა იმ ადამიანებმა გააპროტესტეს, რომლებიც ასევე რუსულ ოკუპაციას აპროტესებენ. ოთხი დაკავებულიდან ორი პრორუსული ძალის წარმომადგენელია, ორი კი - კონტრაქციის. ოთხივე მათგანი ხელწერილით გაათავისუფლეს. მათ გამოძიება წვრილმან ხულიგნობას ედავება. 

ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრმა კახა კვეკვესკირმა „უკვდავი პოლკის“ წარმომადგენელს სტიკერი მიაკრა, რომელზეც გამოსახული იყო გადახაზული პუტინის სახე. ამის გამო ის სამართალდამცველებმა დააკავეს. პოლიციის განყოფილებიდან ხელწერილით გათავისუფლების შემდეგ მან აღნიშნა, რომ პრორუსული ძალების დემონსტრაციული მარშის მონაწილეები პროვოკაციულად იქცეოდნენ.

„მედავებიან სიმბოლიკის გამოყენებას. თურმე ამ ქვეყანაში პუტინის და "რუსეთი ოკუპანტიას" სტიკერის გამოყენება კანონით თუ ისჯებოდა, არ ვიცოდი. ის ერთ-ერთი ლიდერი, ვისაც ეს მკერდზე მივაკარი, თვითონ იქცეოდა პროვოკაციულად. როცა ჩვენ გიორგი ანწუხელიძის, ჩვენი გმირი წინაპრების სურათები გვეკავა, ისინი ირონიულად გვეძახდნენ, აი, ვაჟკაცებიო, ასეთი ტერმინებით. სიტყვიერი შეურაცხყოფის, აგრესიის გარეშე ავდექი და მივაკარი. ამ მიკრობის მომენტში პოლიციამ დამაკავა,“ - განაცხადა აქციის მონაწილემ, კახა კვეკვესკირმა.

ვაკის პარკში სამოქალაქო აქტივისტი ლექსო მაჭავარიანიც დააკავეს. მას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სიტყვიერი შეურაცხყოფა ბრალდება. ლექსო მაჭავარიანი პოლიციის განყოფილებიდან მალევე გაათავისუფლეს. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს მან „მოღალატე“ უწოდა.

„მედავებიან იმას, რომ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მივაყენე სიტყვიერი შეურაცხყოფა და ვეძახე - მოღალატე. მოღალატე მართლა ვეძახე, მაგრამ ვიცი, რომ მსგავსი მოქცევა გამოხატვის თავისუფლებით დაცულია და არ მგონია, რომ ამის გამო რამეში დამნაშავე ვარ,“ - განაცხადა ლექსო მაჭავარიანმა.

დღის ამბები